ყველაზე ადვილი იმ თემებზე წერაა, რომლებიც არ გადარდებს. როგორც კი რამე ძალიან ნამდვილს მიადგები, იბნევი და არც იცი, საიდან დაიწყო. მეც ასე მომდის. ახლახან გადავწყვიტე, ჩემს პირველ პაემანზე დავწერ-მეთქი და რაღაც მაჩერებს. იქნებ იმდენი დრო არაა გასული, რომ ამ ყველაფერს ჩვეულებრივად შევხედო, ან იქნებ ქვეცნობიერად მინდა, რომ მარტო მე ვიცოდე. მაგრამ რაკი უკვე გადავწყვიტე, სჯობს, მაინც მოვყვე.
14 წლის გოგოებს უყვართ განსხვავებული და დიდი ბიჭები, უკეთესია, თუ ისინი წერენ, უკრავენ ან ხატავენ. მე ახლაც არ მიზიდავენ ეკონომისტი ბიჭები, თვლა რომ იციან და ფიქრი_ არა. ალბათ, გათხოვებამდე არც მიმიზიდავენ 😀 14 წლის რომ ვიყავი, ყველაზე დიდი რომანტიკოსები ჩემთვის ქუჩის მუსიკოსები იყვნენ. მიყვარდა ის ტრეკები, რომლებსაც უკრავდნენ, მიყვარდა მათი გრძელი თმები და ფეხებზემკიდია გამოხედვა. მაშინ დავდიოდი ცურვაზე და მერე სველი თმის გასაშრობად ფეხით ვბრუნდებოდი სახლში. ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში კი სულ იდგნენ ქუჩის მუსიკოსები (ახლა იქ ბატიბუტის აპარატი დგას). ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ხოლმე. ზოგი კარგად უკრავდა, ზოგიც_ არც ისე, მაგრამ უკლებლივ ყველა ჩემს მეგობრად მიმაჩნდა. ერთ დღესაც იმ ბიჭს შევეფეთე, რომელიც მანამდე არ მინახავს. ძალიან ლამაზი იყო . უკრავდა მოჯოს. მე კი ჯიბეში ფული არ მქონდა, არადა, თუ ფულს ჩავუგდებდი, ის ნამდვილად აწევდა თავს და შემომხედავდა. მეტი არც მინდოდა.უბრალოდ მინდოდა გადამემოწმებინა, ხომ არ მომეჩვენა, რომ ძალიან მიმზიდველი იყო.
მეორე დღეს სკოლიდან ცურვაზე მშიერი წავედი. ფული კარგად შევინახე. მაგრამ იმ დღეს იქ არ დამხვედრია.
მესამე დღეს ისევ იქ ვნახე. ფული ჩავუგდე, შემომხედა, გამიღიმა და თავი ისევ ჩაღუნა. გრძელდებოდა ასე.
როცა ის არ უკრავდა, ყველაფერი აზრს კარგავდა. მიწისქვეშაში ფეხს დავდგამდი თუ არა, ვიცოდი, ის დამხვდებოდა თუ მისი რომელიმე მეგობარი.
მე შემეძლო ასე დიდხანს -დიდხანს გამეგრძელებინა. არაფერი არ მეჭამა, ფული მისთვის მიმეცა და ეს სულ რამდენიმე წუთისთვის _ იმდენისათვის, რაც მიწისქვეშა გადასასვლელით გადასვლას სჭირდება.
ერთ დღესაც ისევ ჩავუგდე ფული, გავუღიმე და გზა გავაგრძელე. ცოტა ხნის შემდეგ მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. მოვბრუნდი და სუნთქვა შემეკრა. ის იყო. მომდევდა.
რა სწრაფად დადიხარ, მითხრა შეცბუნებულმა და გამიღიმა. ყველა სიტყვა მახსოვს, რაც მაშინ თქვა. მახსოვს მისი საყურე, სიგარეტისა და სვიტერის სუნი. ძალიან ნერვიულობდა. ღერს ღერზე ეწეოდა. რომ მოწევდა, გარბოდა კარგა დიდ მანძილს, ნამწვს ურნაში აგდებდა და ისევ ბრუნდებოდა. მოკლედ ამიხსნა, რომ გაოცებულია ჩემით და პაემანს მინიშნავს. მე ვალდებული არ ვარ, მივიდე, მაგრამ მას უნდა, რომ მივიდე. ბიჭმა მიწისქვეშა სამყაროდან პირველი მიწისზედა პაემანი დამინიშნა.
მეორე დღეს ამერია და იქ არ მივედი, სადაც უნდა მივსულიყავი. ბოლოს მივაგენი. იჯდა, ეწეოდა და ფიქრობდა, რომ აღარ გამოვჩნდებოდი. დისკების მაღაზიაში დავლიეთ პეპსიში გარეული კონიაკი, მან მაჩუქა ნირვანას დისკი ჩემი მეგობრისათვის და რახმანინოვი_ ჩემთვის. არ უყიდია. მაღაზია მისი ძმის იყო. მითხრა, აქ რომ მოხვდები, მოდი და აიღე ის დისკი, რომელიც გინდაო. მე ძალიან გამიხარდა, განსხვავებით მაღაზიის გამყიდველისაგან. მან ჩამოთვალა ის ფილმები, რომლებსაც ჩემთან ერთად ნახავდა და მერე წავედით მაკდონალდსში. იქ მან მზერით წააქცია ქალი, რომელმაც რიგი წაგვართვა, გამოიცნო, რა ნაყინი მომწონს და ფული რომ გადაიხადა, მითხრა, მადლობის თქმა არც გაბედო, შენი ფულიაო : ) მერე მომიყვა ცოტაოდენი რამ თავისი ცხოვრებიდან.მითხრა, რომ სწავლობს კონსერვატორიაში, უკრავს იქ, სადაც უკრავს და ხანდახან კონცერტებზეც გამოდის.
კონცერტებზე?> რა კონცერტებზე? _ ვკითხე მე.
_ Young Georgian Lolitaz- გაგიგია?_ მიპასუხა.
ვიცოდი ეს ჯგუფი, ვუსმენდი კიდეც, მაგრამ მათ კონცერტზე არასდროს ვყოფილვარ.
მაკდონალდსიდან რომ გამოვედით, მკითხა, ბიჭისთვის თუ გიკოცნიაო.
არა-მეთქი, ვუპასუხე.
ვაიმე, რა მაგარიაო, აღფრთოვანდა მაშინვე.
დავდიოდი და არ მჯეროდა, რომ მასთან ვიყავი. ძალიან რომ დაბნელდა, ჩამეხუტა და მადლობა გადამიხადა. შემდეგ შეხვედრაზე კი არაფერი უთქვამს. ამის საჭიროებაც არ იყო. მე მეგონა, რომ ვნახავდი რამდენიმე დღეში, ფულს აღარ ჩავუგდებდი. უბრალოდ წავიდოდით და იმ ფულით ნაყინს ვიყიდდით.
მე იმ დღეს მისი Young Georgian Lolita ვიყავი.
იმ დღის მერე აღარ მინახავს. ისე გაქრა, რომ ვეღარსად ვიპოვე. დისკების მაღაზიაში არაფერი იცოდნენ, არაფერი იცოდნენ მისმა მეგობრებმაც. მე უბრალოდ მოვიწყინე. თმას ფენით ვიშრობდი და სახლში მეტროთი ვბრუნდებოდი. ვუსმენდი რახმანინოვს და Young Georgian Lolitaz-ს.
მერე კი შემთხვევით გადავაწყდი. ორი წლის წინ. თვითონ მიცნო, თორემ მე ვერაფრით ვიცნობდი. ეცვა ძალიან ჩვეულებრივად, უცხოელ მეგობრებს ესაუბრებოდა, გვერდით რომ ჩავუარე და ისე გამაჩერა, როგორც მაშინ. ოღონდ ეს ის ბიჭი აღარ იყო. აღარ უკრავდა, აღარ სწავლობდა კონსერვატორიაში, მუშაობდა ტელევიზიაში მონტაჟზე და აღარ ოცნებობდა ქალაქზე, სადაც ყველა შეღებული ფანჯრიდან მუსიკის ხმა გამოვიდოდა. მე დავემშვიდობე მალევე, ძალიან აღელვებული ვიყავი და მასთან ლაპარაკი არ შემეძლო. სანამ ვსაუბრობდით, გამიმკითხა ყველაფერი და მივხვდი, რომ არაფერი დავიწყებია. მკითხა, ისევ დავდივარ თუ არა ქალაქში სველი თმით და გაუხარდა, რომ კი. მკითხა, ხომ არ გადავიფიქრე პროფესია და გაუხარდა, რომ არა. ვუყურებდი და მეღიმებოდა. ისევ ძალიან მიყვარდა, ის კი მიმეორებდა, როგორ გაიზარდე. როგორ გაიზარდე : )
ახლაც არ ვიცი, სადაა. მაგრამ დღეს, როცა ძალიან მოწყენილი ვარ, ისე, როგორც ადრე, ვუსმენ რახმანინოვს და Young Georgian Lolitaz-ს.
Zalian lamazi siyvarulis istoria, cremlebi momadga..
momewona dzalian…..es klipic nanaxi maqvs….mec daaxloebit maseti ambavi maqvs 🙂 mmmm ra ar xdeba cxovrebashi
არ მითხრა, რომ ამავე ბიჭთან, თორემ თავს მოვიკლავ : )
gmerto chemo, ase mgonia 12 wlis bavshvis nawers vkitxulob 😀 ra ubedurebaa amdeni sentimentebi anin :O sadaa iumori, dacinva, gadaoba? eeeh 😐
პოსტის წერისას ვცდილობდი ის ძველი შეგრძნებები გამეხსენებინა: სუნი, ხმა, ფერები, სიტუაციები. ამიტომაცაა ასე ინფანტილური. ახლანდელი გადმოსახედიდან რომ დამეწერა ძალიან ცივი გამოვიდოდა. ასეთ თემებზე კი ცივად რატომ უნდა წერო, არ მესმის : )
არვარ თოთხმეტის, მომეწონა… ;დ
ეეგრე რა, იდიოტობებზე ირონიით რომ ერთობი, ესეთი “ჯობიხარ”!
ratom da imitom, masea sawiro, aba were axla gulis amachuyebeli 14 wlis bavshvis postebi da 450 mkitxvelidan male 4 agar shegrcheba 😛
შენ ნუ ნერვულობ, დარლინგ : ) სტატისტიკას მე მივხედავ : )
ნიჭიერი გოგო ხარ, ანინა, იმედი მაქვს, რომ მაგ ნიჭს მოუვლი. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მეტი იკითხო, ყველაზე კარგი გზაა
წარმატებებს
ვერ ვიტან პირადულზე რომ წერენ, მაგრამ ეს პოსტი გამონაკლისი იყო. შენ ეს ძალიან კარგად გამოგივიდა. 🙂
კაი პოსტია =)))
თბილი და სასიამოვნო 🙂
თანაც ეს პირველი პაემანი არასდროს დაგავიწყდება 🙂
მეორეჯერ, რომ სეგხვდა რატომ არ გამოელაპარაკე? რა იცი რა მოხდებოდა
ორმაგად სასიამოვნოა : )
არა. წერე პირადულზეც. ძალიან კარგი პოსტია , ძალიან კარგი . : )))
…
რა საინტერესო იყოოო ❤ გული ამიჩუყდა 🙂 ისე მაგ ბიჭს დღესდღეობით ისევ უკეთია საყურე. ეს პოსტი ნახე http://dreamar.wordpress.com/2010/04/24/%E1%83%90%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/
ბლოგროლში გიმატებ 🙂
DZalian magrad wer…yochaaag !!!!
lol, კოჩაროვი შეგიყვარდა? 😀
მე მაქვს გიტარა, თანაც რამოდენიმე 😛
კოჩაროვი არა. სხვა წევრი : )
me vici, sadaa…
da isev ise ocnebobs 🙂
შემთხვევით ვნახე ეს ძველი პოსტი და ძალიან მომეწონა )
მიყვარს ადამიანური პოსტები. სვიტრის სუნებით და მიწისქვეშაში გავლილი ნაბიჯებით 🙂
და იმისთვის რომ კარგი მწერალი (თუნდაც ბლოგერი) და მაგარი “ტიპი” იყო, არაა აუცილებელი ყველაფერზე ცინიკურად და ცივად წერო ადამიანმა. (ერთ-ერთ ძველ კომენტარზე პასუხად)
12 წლის რომ ვიყავი, ზუსტად იგივე დამემართა.. ჩემი სკოლის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში ერთი ბიჭი უკავდა… ჯონ ლენონს გავდა ძალიან,, (რამ მომაწონა:D) და Pink Floydის ჩანთა ეკიდა.. ხანდახან სკოლაში რომელიმე წიგნს ვტოვებდი, რომ ხელახლა ჩავსულიყავი “პაძემკაში” :D:D:D
ისე მომეწონა გავგიჟდი…თვალზე ცრემლი მომადგა… რა საყვარელია ❤
14 წლის კიარა ამხელა დედაკაცი ვარ და ისევ მიჩქარებს გულს დაკარგული ხელოვანების იდეა :))