წიგნები აღარ მინდა, თაროები მაჩუქეთ !

მე თუ ბევრს ვფიქრობ სხვისათვის საჩუქრის შერჩევაზე, ჩემთვის საჩუქრის შერჩევაზე ბევრს ნამდვილად არავინ ფიქრობს. რა უნდა ვაჩუქოთ ანინას? რა და წიგნი. ყველა თანხმდება ამაზე,  რაც იმას ნიშნავს რომ ხალხს ან ძალიან ჭკვიანი ვგონივარ, ან _ პირიქით.  ერთი–ორჯერ ვკითხე კიდეც ჩემს მეგობრებს, წიგნებს რომ მჩუქნით, ამით რისი თქმა გინდათ, ძალიან სულელი ვჩანვარ და მეტი უნდა ვიკითხო–მეთქი? ორაზროვნად გამიღიმეს. მოკლედ, მიზეზები საკამათოა.  მე მაინც გულუბრყვილოდ მჯერა, რომ მათ საქციელში ქვეტექსტები არ უნდა ვეძებო და  წიგნებს იმიტომ მჩუქნიან, რომ კითხვა მიყვარს. ისე, ამავე ლოგიკით, სასმელს რატომ არავინ მჩუქნის? 😀  კარგად მახსოვს, ერთ–ერთ დაბადების დღეზე  საჩუქრად მიღებული 3 ,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”,  კიდევ ერთზე_ 2 ,,პატარა უფლისწული” და შარშან_ 2 ,,ელემენტარული ნაწილაკები”. ზედმეტი წიგნები მაშინვე გავაჩუქე ჩემს,, უ–წიგნ–ურ” ნაცნობებზე. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, მე წიგნებს მხოლოდ მათ ვჩუქნი, ვინც თავისი ინიციატივით  არასდროს შევა წიგნის მაღაზიაში : )

ამასწინათ  ჩემი წიგნების დალაგება გადავწყვიტე  და ძალიან გავბრაზდი, რომ რაღაცები რაღაცებში უბრალოდ ვერ ეტევა. ალბათ, ასე ბრაზობს აქლემი, რომელიც ნემსის  ყუნწს უყურებს ან კიდევ ერთოთახიანში მცხოვრები კაცი, რომელმაც გათამაშებაში როიალი მოიგო. მოკლედ, არ ვიცი, სად წავიღო ამდენი წიგნი. რისი გაჩუქებაც შემეძლო, უკვე გავაჩუქე (,,უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების”), დანარჩენები კი ნამდვილად უნდა მქონდეს სახლში.

სახლიდან სოფელში გავისტუმრე მთელი საბჭოთა ლიტერატურა და ადგილი ჩემი წიგნებისთვის გავათავისუფლე, მაგრამ პრობლემა ვერ მოვაგვარე. სხვები თუ წიგნის ყიდვისას საფულეზე ფიქრობენ, მე  ისევ ის მადარდებს, მოთავსდება თუ არა ეს წიგნი თავისუფალ ღრიჭოში.

ხო, აი კიდევ რა მახსენდება. რუსული სკოლის ბიბლიოთეკა, მეთერთმეტე კლასი. მსუქან ბიბლიოთეკარს მხარზე ხელის მსუბუქი შეხებით ვაღვიძებ. შეგიძლიათ, ,,ოსტატი და მარგარიტა” მომიძებნოთ? _ ვეკითხები მორიდებით. რა ფერისაა ეგ წიგნი? _ კითხვითვე მპასუხობს იგი და მე ვიბნები, ძალიან ვიბნევი. რავიცი, რა ფერისაა ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტა”. ქართულად ძირითადად კრემისფერია ხოლმე, მაგრამ რუსულად..?.  ბიბლიოთეკარი რომ მამჩნევს დაბნევას, უჟმური სახით მიხსნის: გენაცვალე, მე აქ ფერების მიხედვით მიწყვია წიგნები, წადი, ფერი გამიგე და ისე მოდი. მე ვცდილობ საწყობის სიბნელეში რამე გავარკვიო და გაოცებული მართლაც ვამჩნევ: წითელი წიგნები ერთ მხარესაა, მეორე მხარეს _რუხი ფერის, კიდევ სხვა მხარეს_ წიგნები მუქმწვანე ყდებით. სიზმარში ვარ_ ვფიქრობ და გარეთ გამოვდივარ.

ჩემს სახლში ასე არ აწყვია წიგნები, მაგრამ ჩემს სახლში ყველგან აწყვია წიგნები. ხოდა, მეგობრებო, დაბადების დღზე თაროები მაჩუქეთ, თქვენი საჩუქრები უნდა დავალაგო : )

: )

აუფ, ძალიან მინდა ასეთი თაროები.

ამას თუ მიყიდით, ტელევიზორი მოაყოლეთ : )

თუ ამას მიყიდით, მაშინ ორსართულიანი სახლიც უნდა მოაყოლოთ. სამაგიეროდ, მერე შეგიძლიათ მაჩუქოთ იმდენი წიგნი, რამდენიც გინდათ .

_ნინ, სად ხარ?

–წიგნის კარადაში : )

.

ეს კარადა ფოტოგრაფმა შექმნა და საყურებლად უკეთესია,  ვიდრე გამოსაყენებლად.

ეს _ რომ გავთხოვდები, მერე

იგივეა, რაც ჰამაკი სოფელში : )

და ბოლოს_

ძალიან გთხოვთ,. ნუ მაჩუქებთ ამას .. ჯერ

5 thoughts on “წიგნები აღარ მინდა, თაროები მაჩუქეთ !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s