წარმოიდგინეთ: დედამიწა იღუპება, თქვენ გარბიხართ და როგორც კოსმონავტის ბლოგის მკითხველს, გავალებენ, კოსმოსში წასაღებად მხატვრობის, ქანდაკების, ლიტერატურის, მუსიკის საუკეთესო ნიმუშები შეარჩიოთ, რაც შეიძლება ცოტა : ) ადვილი დავალებაა: თქვენ მიგაქვთ დავითი და ვენერა, ჯოისის ,,ულისე” და ჰომეროსის ,,ოდისეა”, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია და მოცარტის რექვიემი. და, რა თქმა უნდა, _ მონა ლიზა და მონა ლიზა, რადგან მისთვის ღირსეულ მეწყვილეს ვერ პოულობთ : ) ჩადიხართ. პლანეტა უკვე დასახლებულია. იქ მცხოვრებმა ერთ-ერთმა უცხოპლანეტელმა იცის ინგლისური (კომპიუტერიც) და ახერხებს თქვენთან დაკონტაქტებას. ის გეკითხებათ, რატომ არის ის, რაც წამოიღეთ, კაცობრიობის მართლაც საუკეთესო ქმნილებები. თქვენ მოკლედ უყვებით ჰომეროსს. ის გაოცებული გისმენთ. აღტაცებულია სიუჟეტის მრავალფეროვნებითა და პოეტის ოსტატობით. მერე ,,ულისეზე” გადადიხართ და ეუბნებით, რომ ჯოისმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულა, როცა მთელი ლიტერატურის ისტორია ჩაატია ,,ულისეში”, ამიტომაც, თუ სხვა წიგნებს არ წამოიღებდით, ,,ულისე” მაინც მოგცემდათ საკმარის ინფორმაციას მომავალი თაობებისათვის. კარგი იდეაა. პრაქტიკულია. მერე ასმენინებთ ბეთჰოვენს და ეუბნებით, რომ ეს ყრუ კაცმა დაწერა. უცხოპლანეტელი შტერდება. ამის შემდეგ მოცარტი. ისიც ძალიან მოსწონს, ამბობს, რომ ჰარმონიულია. ქანდაკებებზე რომ მიდგება საქმე, ეუბნებით, რომ დავითი მამაკაცის იდეალური გამოსახულებაა , ვენერა კი_ ქალისა. ისიც გიჯერებთ, ოღონდ მას შემდეგ, რაც თვალისმოუშორებლად აცქერდება ვენერას მკერდს. მერე კი მონა ლიზასთან მიდიხართ.
-ეს რა ნახატია? _კითხულობს.
_ოოო. ეს შეუფასებელი ნახატია, მონა ლიზა. მიკვირს, კოსმოსშიც რომ არ გსმენიათ, _ ღიმილით პასუხობთ თქვენ, _ყველაზე ცნობილი ნახატია კაცობრიობის ისტორიაში. ლეონარდომ დახატა. შეხედეთ ამ ღიმილს, იგი ხან ჩანს და ხან _ არა.
უცხოპლანეტელი გაოცებული გიყურებთ და გეუბნებათ: კი მაგრამ, ეს ქალი ხომ არ იღიმება : )
და ცოტა ხანში _კარგით რა. ჩვენ უკეთესად ვხატავდით თქვენს ნათესებზე : )))
ამის მერე თქვენც აცქერდებით მონა ლიზას და ღიმილს მის სახეზე ვეღარ ხედავთ. ისევ აცქერდებით ნაცნობი წესით: მონაცვლეობით უყურებთ თვალებსა და ტუჩებზე. მართალია, მონა არ იღიმება. გაიღიმე, მონა_ სთხოვთ მონას, რადგან გრცხვენიათ. მაგრამ მონა თავშეკავებულია. ხელები ერთმანეთზე დაუწყვია, წარბები რომ ჰქონდეს, მაღლა ატკიცავდა. ისევ არ იღიმება. უცხოპლანეტელი გიყურებთ, როგორც დებილს. თქვენ ფიქრობთ, რომ იგი აბსტრაქციონისტია და ნანობთ, რომ მალევიჩი არ წამოიღეთ. არადა ერთნაირი წონისა იყო.
მოკლედ, ეგრეა. რატომღაც ვიფიქრე, რომ თუ პოსტს ასე დავიწყებდი: ლეონარდო დავინჩის მონა ლიზა დახატულია ამა და ამ წელს. მასზე გამოსახულია ან ეს, ან ის, ან კიდევ თვითონ ლეონარდო… , თქვენ უბრალოდ მიმატოვებდით. პოსტი კი სულ სხვა მიზნის გამო დაიწერა, არა შემეცნებისათვის. მხოლოდ ის მინდა, თქვენგან გავიგო პასუხი კითხვაზე: რატომ არის მონა ლიზა ყველაზე მაგარი ნახატი?
არ მინდა ციტატები ხელოვნებათმცოდნეების ნაშრომებიდან. არ მინდა სტატისტიკა. აი, თქვენთვის, რიგითი მაყურებლისთვის, მონა შედევრია?
ბავშვობაში, მონას ერთ-ერთი ასლი ჩემს სასტუმრო ოთახში ეკიდა. ალბათ, ასე 5 წლის ვიყავი, როცა ტელევიზორში ვნახე გადაცემა მონა ლიზას შესახებ. წამყვანი ამბობდა, რომ ამ ნახატში ნებისმიერი თანხის გადახდა შეიძლება. დედას შევხედე და ვუთხარი: დე, შეხედე, რა ძვირი ყოფილა. გავყიდოთ და ბარბის სახლი მიყიდე…
ბარბის სახლი მაშინ ყველაზე ძვირი რამ იყო, რაც კი ჩემთვის არსებობდა.
ცოტა რომ წამოვიზარდე, გავიგე, რომ მე რომ მქონდა, ის მონა ლიზა ასლი ყოფილა და ტყუილად ვაშტერდებოდი მთელი ბავშვობა, იგი არასდროს გაიღიმებდა უცნაურად.
შეიძლება ამის გამო შემძულდა. შარშან ჩემი ძმა ლუვრში იყო და ნახა. მე ვკითხე: ჰა, ლევან, როგორია მონა ლიზა? მან კი ღიმილით მიპასუხა: ისეთი, როგორიც გვახსოვს. როგორც ჩანს, ,,მონა ლიზა სმაილ” ჩემმა ძმამაც ვერ დაამუღამა.
რაც შეეხება იმ ფოტოს, რომელიც წინის წინა პოსტში დავდე, 1911 წელსაა გადაღებული. მონა ლიზა სწორედ ამ წელს მოიპარეს და ნამდვილად ვიცი ერთი ადამიანი, ვისაც ჩემსავით ეჯავრება (უფრო სწორად, ეჯავრებოდა) ეს სურათი _ Guillaume Apollinair, ფრანგი პოეტი, რომელმაც ერთხელ ნახევრად ხუმრობით თქვა, მის გამო ლუვრს დიდი სიამოვნებით გადავწვავდიო. ხოდა, მონა ლიზა რომ დაიკარგა, პირველი ის დაიჭირეს. ბევრი იძახა, სულ არ მჭირდება ეგ სულელური ნახატი, ძალიანაც კარგი, რომ მოიპარესო, მაგრამ არავინ დაუჯერა. მერე გადაწყვიტა ნაცნობობა გამოეყენებინა და თქვა, პაბლო პიკასოს მეგობარი ვარ, თუ შედევრის სახლში წაღება მომინდება, მასაც დავახატვინებო. აჰ, პიკასოს მეგობარი ხარო? – უთხრეს ჟანდარმერებმა და პიკასოც დაიბარეს პოლიციაში. პიკასო მივიდა. ერთად ჩასვეს და ცოტა ხანს აწვალეს კიდეც: ანუ დაჟინებით უმეორებდნენ, სად არის მონა, სად არის მონაო? ამ კითხვაზე კი ორივე ბჟირდებოდა. პიკასომ ისიც კი უთხრა, თქვენ მონა ლიზას პორტრეტს ეძებთ, ჯოკონდასას თუ ლეონარდოს ავტოპორტრეტს ქალის სახითო : ) ბოლოს ორივე გაუშვეს. მათ ცინიზმს საპყრობილის კედლებმა ვერ გაუძლო.
მონა ორი წლის მერე დაბრუნდა და აქვითინებულმა მოუთხრო პოლიციელებსა და ლუვრის თანამშრომლებს, როგორ მოიტაცა ის ლუვრის საძაგელმა მოსამსახურემ, ვინჩენცო პერუჯიამ და პალტოში დამალული როგორ გამოიყვანა გარეთ. პერუჯია იტალიელი პატრიოტი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ მონა ლიზა იტალიაში უნდა ყოფილიყო გამოფენილი. გიჟი ფანების ატანა არ მაქვს_ განაცხადა ქალბატონმა ლიზამ. როგორ დაეთანხმებოდა მას ლენონი! 😀 მონა 2 წელი ჰყავდა დამწყვდეული სახლში პერუჯიას, ბოლოს ყელში ამოუვიდა მისი კაპრიზები და უთხრა, იცოდა, მონად გაგყიდიო 😀 😀 ხოდა, მონას რომ მონად ყიდიდა ფლორენციის გალერეაში, პერუჯია სწორედ მაშინ დაიჭირეს. პატრიოტიზმისათვის იგი რამდენიმე თვე იჯდა ციხეში და ბოლოს გამოუშვეს იმ პირობით, რომ ლუვრში ვეღარ შეძლებდა შესვლას. გული არ გამიხეთქოთო, _ თქვა პერუჯიამ, _ ის ქალბატონი ისედაც დიდხანს ვითმინე. ჩვენ უკეთესი რამეებიც გვაქვს იტალიაშიო: ) აუტანელი , აუტანელი მონა ..
მონამ ლუვრი მეორედ მეორე მსოფლიო ომის დროს დატოვა, უსაფრთხოებისათვის. დაბრუნდა და მალევე დააზიანეს მჟავით (1956), იმავე წელს ახალგაზრდა ბოლივიელმა ესროლა ქვა და შუბლი დაუზიანა.
ამის მერე მონა მინის მიღმა დაამწყვდიეს მისივე კეთილდღეობისათვის. თუმცა, სხვების კეთილდღეობისთვისაც. რადგან ამ დროისათვის ის უკვე ისე იყო გაბრაზებული, რომ მალე თვითონ დაუწყებდა ქვის სროლას ვიზიტორებს : )
ბოლოს 2009 წლის 2 აგვისტოს დაესხნენ მონას თავს. რუსი ქალი იყო (როგორი აგრესიულები არიან რუსები აგვისტოობით), რაღაც კერამიკული გამოსახულება ესროლა მონას იმაზე გაბრაზებულმა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი უთხრეს. აწი ვეღარც მიიღებს 😀
მაგრამ მონას არაფერი დაშავებია. ერთი ეგაა, აღარ იღიმება. თურმე, დავინჩიმ როცა დახაატა, მაშინ გულიანად იცინოდა. იმის მერე კი სულ უფრო ეპარება სევდა.
თუმცა, რა მიკვირს. მის ადგილას თქვენ კიდევ გექნებოდათ ღიმილის თავი?
პ.ს. და უკაცრავად უზარმაზარი პოსტისთვის. არ მეგონა, ამდენი თუ გამოვიდოდა : )
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, პოსტის მთავარი კითხვის:”მაინც რატომაა მონა ლიზა გენიალური?” ––პასუხი, თავად პოსტშივეა მოცემული. სწორედ ის ისტორია, ის თავგადასავალი ,რაც აღწერე, ხდის ამ ქმნილებას კიდევ უფრო “ქმნილებურს”. სხვა რომელ ნახატზე შეგიძლია მოყვე ამდენი რამ, შექმნის ისტორიიის იდუმალებიდან მოყოლებული, მისი დევნით დასრულებული.მე სხვა ასეთი არ ვიცი. (შეიძლება არ მახსენდება).
პირადად მე მონა ლიზაზე ძალიან მსიამოვნებს ხოლმე, როცა ვუსმენ, რა იგულისხმება მის უწარბობაში, რა იმალება მისი ტუჩის კუთხეებში, როგორ მოიპარეს, რა გადახდა. კაცმა არ იცის ამ ისტორიიდან რააა მართალი, მაგრამ როგორც ისტორია , კარგია, საინტერესოა. ეს მონათხრობი კულმინაციას აღწევდა, როცა აწკეპილი წარბებითმკითხავდნენ:”, მონა ლიზა თავად ლეონარდოა, არ იცოდი?!”
პოსტი გამოირჩევა ძალიან საინტერესო და სასაცილო პასაჟებით, რაც ახალისებს მკითხველს,(ეს ხუმრობანარევად, ჰაჰაჰაჰა) ამაზე შექება, პატარა ქალბატონ–კოსმონავტს.
და ყველაფერს რომ თავი დავანებო, მთელი ბავშვობა მაგას ვუყურებდი, და აქვე ერთი საიდუმლო, ნინ, რაც ჩვენი მონა ლიზას ისტორიაა: მაშინ როცა მთელი თბილისი შიმშლობდა და მათ შორის ჩვენც, ჩვენს უბედობას მე მონა ლიზას ვაბრალებდი, და ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენმა მონა ლიზამ ჩვენი სახლიდან გადაინაცვლა პროვინციაშ. იცოდი?!
არ ვიცი, დაემთხვა , თუ რა, მე მალევე გავთხოვდი. :)))))))))
შენი პოსტების კითხვა არ მბეზრდება
არც მე_ თქვენი წიგნების : )
არ ვიცი იღიმება თუ არა დღეს მონა ლიზა, მაგრამ ერთხელ თუ გაიღიმა ისიც საკმარისი იმსათვის რომ კაცობრიობის უდიდეს ტილოდ ვაღიაროთ.
რაც შეეხება გემოვნებას მე შეიძლება ერთი ყველასათვის უცნობი მხატვრის ნახტი წამეღო ან არც წამეღო და მირჩევნია.
პოსტს კი ქებათა ქება, საინტერესო იყო : )
ამ ტემპლეიტს რა ქვია?
ძალიან მომეწონა
green Marinee : ) ვახ, შენც გქონია ბლოგი : )
თემაზე ამბობ? green marinee. შენც გქონია ბლოგი. დავათვალიერებ :*
პოსტი მომეწონა, თუმცა მიჭირს მხატვრობაზე რამე ვთქვა იმიტომ, რომ უბრალოდ არ მიტაცებს.
თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს გოგო სულ უფროდაუფრო კარგად წერს 😉
ვახ რა კარგი იყო, ვიხალისე.
საინტერესო და შემეცნებითია.
ძალიან მომეწონა. 🙂
ანინა, ძალიან კარგი ბლოგი გაქვს; ეს პოსტიც საინტერესოა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ პაწაწინა შესწორებას შევიტან, რომელიც არანაირად არ ცვლის ამ პოსტის სიკარგეს, მაგრამ ადამიანი თუ მართლაც დატოვებს ოდესმე დედამიწას და რომელიმე უცხო პლანეტაზე დამკვიდრდება, იგი აუცილებლად ჰომეროსის ,,ილიადას” წაიღებს თან და არა ,,ოდისეას”(ისე, ორივე რომ წაიღოს კარგი იქნება:)), რადგან, როგორც შინაარსობრივი, ისე სტრუქტურული თვალსაზრისით ,,ილიადა” გაცილებით ღირებული ნაწარმოებია ვიდრე ჰომეროსის მეორე პოემა.
მხოლოდ ამის თქმა მინდოდა; გისურვებ წარმატებებს!
ჩემი მეზობელი ელიზბარა უფრო მაგრებს ხატავს თანაც იქ სულ შიშვლები არიან.
მეც შუმახერზე უფრო მაგრა დამყავს მანქანა. რამდენი პატრულს არ ჩაუვლი სულ მე მომსდევენ, სულ ავტოგრაფის ჩამორთმევა უნდათ (თქვენი სახელი, გვარი, სად ცხოვრობ, აქ მომიწერე ხელი, კარგად იყავიო ყველაფერს მეკითხებიან, როგორც ფანებს შეშვენის) 😀
თქვენი მეზობელიც ეტყობა მასეა … 😀
მონა ლიზა შედევრად ითვლება არამარტო მისი ღიმილის გამო, არამედ ნახატი შესრულებულია ნანომეტრული სიზუსტით, ამის მიღწევა კი იმ დროს შეუძლებელი იყო (თურმე არ ყოფილა და ვინჩისათვის )
anina zalian momcons sheni blogi,kitxvaze ki getyvi ro chemtvis shedevri ufro botichelis veneraa , jokonda ki sulac ar momcons. impresionistebzec dacere ra rame, hansakutrebit mone miyvars
მეც იგივე კითხვა რომ გამიჩნდა, რატომ არის ასეთი ცნობილი, ჩემმა ხელოვნების მასწავლებელმა მითხრა რომ ის ვერავინ ვერ გადახატა და ამიტომ. მაგრამ ამ მახინჯი ქალის გადახატვა ვის რატო მოუნდა 😐