ენის პალატა ავადმყოფი ენისათვის

დღეს ქართული ენის დღეა. ისტორიის მოყოლას არ ვაპირებ. ალბათ, თქვენც ჩემსავით ათასჯერ წაიკითხეთ, მოისმინეთ, უყურეთ.. არც 14 აპრილის ფოტოები და ვიდეოები გვჭირდება. ასეთი რამეები მხოლოდ სენტიმენტალური მოგონებებისთვის გამოდგება. მაგალითად, აი, ასეთისათვის.

ქართული ენის ,,დღე”.

არადა რა ძნელია მოსმენილი სადღეგრძელოების, ქართულის მასწავლებლის მიერ თავში ჩაბეჭდილი სიტყვების,  ზოგადი სტერეოტიპებისა და პათეტიკის  გარეშე ენაზე საუბარი.

ჩვენი ენა ხომ ღმერთების ენაა. ჩვენი ენა ხომ მეორედ მოსვლისას უნდა გაჟღერდეს, ჩვენი ენა ხომ სხარტია და ლამაზი. მერე რა, რომ ქართული ენის ლექსიკონი ემსგავსება ,,ნიუსფიქის” ლექსიკონს ,,1984”-დან, ანუ ყოველ წელს სულ უფრო და უფრო ცოტა მოქმედი სიტყვა გვაქვს. მერე რა, რომ ღმერთს არ სჭირდება ქართულის ცოდნა ხალხთან საუბრისათვის და ზოსიმემ უბრალოდ ,,წაიტრიპაჩა”. მერე რა, რომ თანამედროვე ქართული არაა ქართული ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით და მექანიკური ნარევია  ყველა იმ ქვეყნის ენისა, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება საქართველოსთან, ეს მექანიკური ნარევი კი მხოლოდ იმიტომ სუნთქავს, რომ საფუძველში რაღაც ძალიან ცოცხალი უდევს. მერე რა, რომ ქართულს რამდენჯერმე დასჭირდა ,,გადაწერა” _ ერთხელ, ბიბლიის თარგმნისას, მეორედ, მთაწმიდელების, ეფრემ მცირეს, პეტრიწისა და სხვათა ეპოქაში, მესამედ- ილიას დროს და ამ საქმეს ყოველთვის რამდენიმე ადამიანი აკეთებდა. ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ქართული ჩვენი საერთო სიამაყეა და ამას ვამტკიცებთ მაშინ, როცა მავანნი საფრთხეს უქმიან ქართული ენის სახელმწიფოებრიობას. სამაგიეროდ, სხვა დროს ჩვენს გონებაში, მეტყველებაში ქართულს იმდენად ცოტა ადგილი უკავია, რომ თავისუფლად აძევებს უცხო სიტყვა.

იქნებ, პრობლემაა ის, რომ ენას, როგორც რაღაც საკრალურს ისე ვეპყრობით, მხოლოდ მტვერს ვწმენდთ და არასდროს ვიყენებთ. გვაქვს, როგორც გამოსასვლელი ტანსაცმელი, ყოველდღიურად კი რუსული ჩექმები და ამერიკული ჯინსები გვაცვია.

სახელიც კი სასაცილოა_ დედა ენა: ყველაზე მეტად დედას და ენას არ ვუფრთხილდებით, ეს სიტყვათშეთანხმება კი საფიცრად გვიქცევია.

გამიკვირდა, რომ მაშინ, 1978 წლის 14 აპრილს ენისთვის ღირსების აღდგენა რუსულ ენაზე არ მოგვითხოვია, ჩვენ ხომ რასაც ვაკეთებთ, სხვა ქვეყნებისთვის ვაკეთებთ . მიტინგებს ცვლილებებისთვის კი არ ვაწყობთ, არამედ იმისთვის, რომ უცხოელებმა ნახონ, როგორი უკმაყოფილოები ვართ. ამიტომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიტინგებზე მოთხოვნები ინგლისურად წერია ხოლმე.

ჩვენ ყველაფერი მართლა კარგის გაზვიადება გვიყვარს. ასე გადაგვექცა სამშობლოს სიყვარული_ გულზე მუშტის ბრაგუნად , რელიგია_ ფანატიზმად, ენა კი _ წინაპრების უხეირო საჩუქრად, რომელსაც ვერც იყენებ და გადასაგდებადაც ვერ იმეტებ.

ამიტომაც ჩემთვის 14 აპრილი სიხარულის დღეა არაა, მხოლოდ სევდიან ღიმილს მგვრის, რადგან მე, ისევე, როგორც ყველამ, ვიცი, რომ ენა ავადაა და არ ვიცი, რა ვუშველო.

ნეტავ ენის პალატა ის ადგილი იყოს, სადაც ავადმყოფ ენებს მკურნალობენ. ამ პალატაში იწვებოდა ქართული ენა და ვინმე ილიასნაირი ექიმი უბრალოდ იტყოდა: გაუწმინდეთ სხეული ბარბარიზმებისგან, გადაუსხით საკუთარივე ჯანსაღი სისხლი და უთხარით, თავს მოუფრთხილდეს.

აი, ასე იქნებოდა უფრო მარტივი და გონივრული. მაგრამ ჩვენს ენას  მკურნალობის ხანგრძლივი კურსი სჭირდება, საუკუნეებზე გაწერილი და თუ გვინდა, ამჯერად მაინც ვიყოთ მართლები ჩვენს სინდისთან, ეს ტვირთი ერთეული ადამიანების   მხრებმა კი არ უნდა ზიდოს, არამედ ერისამ.

12 thoughts on “ენის პალატა ავადმყოფი ენისათვის

  1. საკითხი , მართლაც , რთულია! რაც დაწერე, გეთანხმები.როგორც ვიქცევით, ეს არ არის გამოსავალი. იმის მაგივრად, რომ , თუნდაც, 14 აპრილს მაინც დავსხდეთ და კონკრეტულად ვისაუბროთ ენაზე და დავსახოთ გზები განკურნებისა, მივდივართ და ყვავილებს ვალაგებთ ჰაერში გამოკიდებული საწყალი ბიჭის ძეგლთან,, რომელსაც ძალიან ტანჯული სახე აქვს და რომელმაც მხოლოდ ის დააშავა, რომ ვიღაცამ მოიფიქრა ენას (დიახ, ენას) დაუდგას ძეგლი! ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. ცოტა ხანში დავიდგამთ ძეგლს ქალიშვილობას (წარმომიდგენი, რა შეიძლება იყოს და უკვე არ მომწონს), მერე ჰაერს დავუდგამთ ძეგლს, დაბოლოს – წყალს, არ მეცინება!

  2. ლელ. ამ ბლოგზე უნდა დაგამატო ადმინისტრატორად. შენც წერე ხოლმე პოსტები. როგორ ხარ ეგეთი ნიჭიერი : )

  3. რა ენა წახდეს, ერი დაეცეს. ძნელია თქმა ერი დაეცა თუ ერი წახდა. ფაქტი ერთია. ენა მართლაც უნიკალურია. არ მეგულება სიტყვა რომელიც ქართულად არ ითარგმნოს. აი ქართულიდან კი ბევრს ვერ თარგმნი. მაგალითად მენატრები…(მხედველობაში არ მაქვს სლენგი)
    ყოველგვარი პატეთიკის გარეშე. სნეულნი ჩვენ უფრო ვართ
    ენა კი ცოცხალი ორგანიზმია, ის თავისთავად ტრანსფორმირდება, ახლდება და იფილტრება.ხოლო როცა მასში სახენაცვალი ან ახალი სიტყვების სიმრავლე საგრძნობლად ჭარბობს,ან ძველი ვერ გამოხატავს ახლის მნიშვნელობას.მის “სისხლის გადასხმაზე” უკვე ის ადამიანები ზრუნავენ ვინც ენას და სიტყვას, როგორც იარაღს, კარგად ხმარობს. ისიც მართალია რომ მოვლა უნდა.ჩვენი კუდაბზიკობის გამო დამკვიდრდა უცხოურ სიტყვათა უმეტესობა. იმის ნაცვლად რომ მისი შესატყვისი ვიხმაროთ, თავს ვიდებთ პროგრესულობაზე და მოდურობაზე (ლონდონში ვსწავლობდი) და ჟღერადად ვარახუნებთ უცხოურს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის რომ , ხშირ შემთხვევაში ჯურნალისტებიდანაც ვისმენთ არათუ არა-ქართულ. არამედ აბსოლუტურად გაუმართავ წინადადებებს.
    ენის პალატა კი ყვავილებს აწყობს დედაენის ძეგლთან..
    უფ… რამდენი ვწერე ?!

    1. ika

      bevri sityvaa, romelic qartulad ar itargmneba pirdapr… da yvelaferi imis gamo, rom saqartveloshi is dargebi ar vitardeboda, romelic sxva qveynebshi win miiwevda… ase rom im sityvebis damkvidreba, rasac qartulshi shesatyvisi ara aqvs, enis gamdidrebistvis kargi ufroa, vidre cudi. rac sheexeba barbarizmebs, shedegis magivrad rezultatis xmareba da mistanani ukve sashinelebaa…

  4. jaba

    მოქალაქეების ინტელექტუალური დონე და ენის “სისუფთავე” ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. არ გაქვს ქართულად წიგნები წაკითხული? უყურებ მხოლოდ გადაცემა ‘პროფილს” და ფეხბურთის რეპორტაჟებს, ისიც დიმა ობოლაძის კომენტარებით? პირველი წიგნი რაც წაიკითხე, იყო იურისპრუდენციის რომელიმე სახელმძღვანელო? ცხადია, შენ ენა არ გეცოდინება ამ შემთხვევაში.
    ენა, ენა… რა უნდა ვუშველოთ, ვინ უნდა უშველოს… მე მგონი, მაინც ცალკეულმა ადამიანებმა უნდა იტვირთონ ეს, რადგან “მთელმა ერმა” ნამდვილად არ იცის, გამართულად როგორ უნდა ილაპარაკოს, თუ ვინმე ამას არ ეტყვის. განათლებული ჟურნალისტები, განათლებული ფილოლოგები და განათლებული პოლიტიკოსები და ეგაა რა, საქმესაც ეშველება 🙂

  5. lex tempus

    ძალიან, ძალიან კარგი პოსტია! პირდაპირ მტკივნეულ ადგილს რომ ურტყამს, ისეთი…

    ნებას მომცემ, ლინკებში დაგამატო??:)
    კომენტარის ეს ნაწილი შეგიძლია წაშალო:):)

  6. ბ.ს.

    დღის ბოლოს როგორც იქნა მივუჯექი კომპიუტერს, შემოვედი შენ ბლოგზე და ახალი პოსტი ვერ ვნახე. ძალიან მეწყინა!

  7. davidmedia

    ანინა, კარგი იქნებოდა კონკრეტულად გეთქვა – “ჩვენში” ვის გულისხმობ? თუ კარგად დაუკვირდები, ქართული ენა ისეთ საფეხურზე არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის (ახლა არ მითხრა რუსთაველის დროს იყოო, იმიტომ, რომ მხოლოდ ელიტებს არ ვგულისხმობ). ტელეეკრანზე ვიღაც თუ გულის ამრევად ლაპარაკობს, ეს ენის განუვითარებლობას არ ნიშნავს. საინფორმაციო გადაცემის წამყვანის შეცვლაზე ადვილი არაფერია.

    “მე, ისევე, როგორც ყველამ, ვიცი, რომ ენა ავადაა,” – ჰო მართლა, ეს რომელი სოციოლოგიური გამოკითვხით დაასკვენი :))) “და არ ვიცი, რა ვუშველო,” – ))))

    კიდევ ერთი – ბევრ სხვა ქვეყანაშიც საპროტესტო აქციების დროს პლაკატებზე მოთხოვნების ტექსტი ინგლისურ ენაზეც აწერია. ზუსტად იმიტომ, რომ უცხოელებმაც წაიკითხონ (ორი ასეთი აქცია უცხოეთში თვითონ ვნახე).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s