კრიტიკოსებო, სუ!


სანამ ამ პოსტს დავწერდი, მომეჩვენა, რომ წერა დამავიწყდა. ეს იმიტომ, რომ რაღაცის წერა დავიწყე, წავშალე, დავიწყე, წავშალე და ისე გამოვიდა, რომ ერთი დღე პოსტის გარეშე დავტოვე ანინალენდი. ეს ამბავი ჯერ პოლონეთში მომხდარ უბედურებას დავაბრალე. მართალია, დიდად არ მიდარდია, მაგრამ დავუშვი, რომ ქვეცნობიერად განვიცდიდი პოლონური პოლიტ-ელიტის დაღუპვას. მერე გადავწყვიტე, რომ უბრალოდ ასეთი დრო დამიდგა. კალამი გვერდით უნდა გადავდო და გზა ახალგაზრდებს დავუთმო (ჩემზე ახალგაზრდას ვისღა, მაგრამ მაინც). აქ უცებ თვალწინ დამიდგა ვაჟა, რომელიც ლიფტში შედის, საიდანაც ილია ჭავჭავაძე გამოვიდა. მერე გადავწყვიტე, რომ მჭირდებოდა მოდუნება და იმდენად მოვდუნდი სასმელით, რომ შემეშინდა კიდეც, ასე მოდუნებულს არ ჩამეძინოს და პოსტის გარეშე არ დავრჩე-მეთქი. მერე წიგნი ვიკითხე, მერე ფილმს ვუყურე, მერე ყავა დავლიე და ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი: ანინა, უბრალოდ ვალდებული ხარ, წერო. და იმ წამსვე დალაგდა ყველაფერი.


თუ სათაური წაიკითხეთ, მიხვდებით, რომ სურათზე გამოსახულია კრიტიკოსი. იგი, რა თქმა უნდა, გამხდარია, სვამს ბევრ ყავას, ეწევა რამე არომატულს, კითხულობს ბევრ წიგნს და დარწმუნებულია, რომ ყოველი მათგანის დაწერას თვითონ უკეთესად შეძლებდა. ამბობს, რომ დელიკატური გემოვნება აქვს. ვერ იტანს მწერლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. წერს პოპულარული ჟურნალებისათვის, გამოირჩევა ცინიზმითა და მანერულობით. დადის ლიტერატურულ ღონისძიებებზე, წრუპავს ღვინოს და ავტორებს მქირდავი ღიმილით უყურებს. ბალიშის ქვეშ ბულვარული რომანები უდევს და არ მოჰყავს ცოლი, რომ ის შემთხვევით ამ რომანებს არ გადააწყდეს. კიდევ რა ვთქვა_ აბაზანაში დიდ დროს ატარებს და ჰყავს კატა.

ის არ უყვართ, მაგრამ მას ეპირფერებიან. ხანდახან, როცა ცუდ ხასიათზეა, ის იშვერს თამბაქოსგან ოდნავ შეყვითლებულ ღვთიურ თითს (სინამდვილეში ეს მხოლოდ შეუმდგარი მწერლის თითია) რომელიმე წიგნისკენ და ამბობს: მომიტევეთ და არაფრად ვარგა. იქვე სრულდება ყველაფერი. ამ წიგნს აღარავინ იყიდის.
ქართულ რეალობაში მსგავსს ვერაფერს გადააწყდებით მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ არც გვყავს კრიტიკოსები. სამწუხაროა, ფრიად სამწუხაროა, მაგრამ ამ ამბავს კარგი მხარეც აქვს: ვინც არ არსებობს, ის ვერც შეცდება.
კრიტიკოსები კი ხანდახან ტრიუმფალურად ცდებიან. უბრალოდ გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ ციტატებს.

1.,,ზაფხულის ღამის სიზმარი”_ უილიამ შექსპირი_ 1662
,,ეს ყველაზე სულელური სასეირო დადგმა იყო, რაც კი ოდესმე მინახავს”- სემუელ პეპისი, ,,დღიური”

2.,,გულივერის მოგზაურობა”, ჯონათან სვიფტი, 1726.
,,ეს ნაწარმოები დაავადებული გონებისა და დასახიჩრებული გულის აშკარა ნაყოფია”_ჯონ დანლოპი, ,,ლიტერატურის ისტორია”, 1814

3.,,მადამ ბოვარი”_ გუსტავ ფლობერი, 1857
,,მონსინიორ ფლობერი არ არის მწერალი” _Le Figaro.

4. ,,ანა კარენინა” _ ლევ ტოლსტოი_1877
,,სენტიმენტალური ნაგავი”_- The Odessa Courier.

5. ,,The Great Gatsby” -ფ.სკოტ ფიცჯერალდი – 1925.
,,რაც ცოცხალი არასდროს ყოფილა, ის ვერც განაგრძობს სიცოცხლეს. ასე რომ, ეს წიგნი მხოლოდ ამ სეზონისთვისაა”
– New York Herald Tribune.

6. ,,ლოლიტა” – ვლადიმერ ნაბოკოვი _ 1955
,, ნაბოკოვი ერთდროულად შეურაცხყოფს ესთეტიკურ და მორალურ ღირებულებებს”
ედმუნდ ვილსონი, ,,The New York Review of Books”, 1964

,,ავტორი თანამედროვე მარკიზ დე სადსაც ჰგავს და ლარი ფლინტსაც (პორნოგრაფიული ჟურნალის, ,,ჰასლერის” რედაქტორი). თავისი რომანით მან პედოფილია წაახალისა”
ნორმან პოდორეცი, ,,კომენტარები”, 1997 .

7. ,,მებრძოლთა კლუბი”_ ჩაკ პალანიკი, 1996
,,ეს არის საყმაწვილო ფაშისტური გასართობი, საზოგადოებისთვის საშიში სწავლებებით”-,,BBFC”, 1999.

ამიტომაც, კრიტიკოსებო ყველა ქვეყნისა, სუ! : )

6 thoughts on “კრიტიკოსებო, სუ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s