ენის როტაცია (?) = გამოხმაურება doin.ge-ს პოსტზე

დარწმუნებული ვარ, მოსმენილი გაქვთ, როგორ წუწუნებს ყველა: მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, ბებია, ბაბუა, სტუდენტი, ლექტორი, ბლოგერი (ჰაჰ) იმაზე, რომ ენა დაგვიბინძურდა. ძირითადად, წუწუნებენ სლენგის, ბარბარიზმების, კალკისა და სტილისტური ხარვეზების შესახებ. მაგრამ ენის გრამატიკა სულ ეს არაა. სთხოვეთ ენის ნორმების თავგამოდებულ დამცველებს, სულ პატარა სამსახური გაგიწიონ და დასვან მძიმეები ამ წინადადებაში:
ორი თვის შემდეგ ქალაქის მერმა მოქალაქეების თხოვნით მოედანზე პატარა აივნიანი სახლი ააშენა.
თქვენც დასვით და შედეგები კომენტარებში განვიხილოთ. მერე ერთად დავასკვნით, რომ თუ მაინცდამაინც ვითარების შეცვლა გვინდა, ზედაპირულ პრობლემებს კი არ უნდა გამოვეკიდოთ, არამედ სიღრმისეულად მივუდგეთ საკითხს: ვასწავლოთ გრამატიკა სკოლაში უკეთესად და ვისწავლოთ გრამატიკა სკოლაში უკეთესად. მივცეთ ფილოლოგებს ჟურნალისტური განათლება, ან მივცეთ ჟურნალისტებს ფილოლოგიური განათლება. დარწმუნებული ვარ, ამავე თემაზე უფროსებს რომ ველაპარაკებოდე, ვიღაც ნამდვილად მეტყოდა: გააუქმეს ენის პალატა და რაღა უნდა გავაკეთოთო. მაგრამ სინამდვილეში ენის პალატას არ შეუძლია, ადამიანებს მეტყველება და წერა ასწავლოს. არ ვხუმრობ: ბლოგებსაც კი მეტი ძალაუფლება აქვთ ამ მხრივ, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებას. ინტერნეტ-სივრცეში ყველაფერი გამართულად რომ იწერებოდეს, ტელევიზიით მოსმენილი გაქვავებული ფორმები ვეღარ დაგვიბინძურებდა ნაწერს, საუბარს. მაგრამ ინტერნეტში ისე წერენ, როგორც ტელევიზიით ლაპარაკობენ და ამას ისე, უბრალოდ, არაფერი ეშველება.


დღეს doin.ge-ზე შევიხედე და ამ პოსტის დაწერაც ამიტომ მომინდა.
მოკლედ, doin.ge-ს ბოლო პოსტი ,,ლექსიკურ კანიბალიზმზეა” ანუ იმ სიტყვებზე, რომლებსაც არ ვწერთ ისე, როგორც ,,უნდა” ვწერდეთ. როგორც ჩანს, ბლოგერი შეწუხდა იმით, რომ გამუდმებით აწყდებოდა ,,არასწორ” ფორმებს: ,,რას შვები?”, ,,კაი”, ,,მადლობ”, ,,გენც”, ,,რატო, იმიტო” და ასე გადაწყვიტა ამ ფორმებთან ბრძოლა. პოსტი სახალისოა, პოსტი გულწრფელადაა დაწერილი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის ქომაგი ვარ, ეს ის შემთხვევა მგონია, როცა ქართული ენის დასაცავად თავის გამოდება არ ღირს. ანუ, აქცენტები არასწორია. ამ საკითხს ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდები, მანამდე გავარკვიოთ,
საერთოდ, როგორი ენა გვჭირდება ქართველებს? დღეს ქართველებს ბევრი ენა გვაქვს: ენა, რომლითაც მეტყველებენ ტელევიზიაში; ენა, რომლითაც იწერება სტატიები პრესაში (და ეს ენა მერე სხვადასხვა ენებად იტოტება ჟურნალ-გაზეთების მიხედვით); ენა, რომლითაც იწერება დისერტაციები, რეცენზიები, საკონფერენციო თემები; ენა, რომლითაც იწერება სასკოლო თემები; ენა, რომელზეც სრულდება თარგმანები; თანამედროვე პროზაიკოსების ენა; ენა, რომელზეც ვამბობთ სადღეგრძელოებს (ერთგვარი ზეციურ-გურჯული ქართული); ენა, რომლითაც ვსაუბრობთ სკაიპში; უსუსური ჟარგონული ენა, და .. კიდევ იქნება რამე, ახლა რაც არ მახსოვს. და ყოველი ეს ენა სასაუბრო ქართულს სულ უფრო და უფრო შორდება, რაც კატასტროფაა. ქართული ლიტერატურა ერთხელ უკვე მოექცა ჩიხში, როცა იქცა მხოლოდ ზე-განათლებულთა ლიტერატურად. ეს ის დაწყევლილი დრო იყო, როცა ჩვეულებრივი გლეხისთვის რომ წაგეკითხათ ,,ცისკრის” რომელიმე სტატია, ან იმდროიდნელი ,,ვითომმწერლების” ნაწარმოებები, ვერაფერს გაიგებდა. მაშინ ილია ჭავჭავაძემ დაუბრუნდა ლიტერატურა ხალხს. მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ ერთი ილია ჭავჭავაძე გვჭირდება, რადგან ჩვენთან სამწერლობო და სასაუბრო ქართულს შორის ისევ დიდი უფსკრულია.
ჩვენ გვინდა, ქართული დავაკონსერვოთ და თაროზე შემოვდოთ. ეს არის იმის მიზეზი, რომ მეოცე საუკუნეში მწერლები ,,საწმერთულებით” გველაპარაკებოდნენ, ეს არის იმის მიზეზი, რომ მეხუთე საუკუნის ტექსტი ადაპტირების გარეშე გვესმის, ეს კიდევ იმის მიზეზიც არის, რომ სლენგი არ გვაქვს. ქართველი როგორ აკადრებს საკუთარ ენას წმინდა სასაუბრო სიტყვების გამოთქმას. ასეთი სიტყვა თუ დასჭირდა, რუსული რისთვის არსებობს?! ამიტომაც ვერასდროს დაიწერებოდა ქართულ ენაზე ,,თამაში ჭვავის ყანაში” და ვერც ითარგმნებოდა. შენიშვნა:ახლა რაც გვაქვს, ის არაა თარგმანი : ) სამაგიეროდ, იწერებოდა პლატონ იოსელიანი, გიორგი ერისთავი და ათასი ჯურის ,,ღვლარჭნილი” ლიტერატურა (სნობიზმის უძველესი გამოვლინებები). სხვათა შორის, ეს პრობლემა ახლაც აქტუალურია. ზაზა ბურჭულაძეც ასე წერდა სულ რამდენიმე წლის წინ.
საჭიროა მარტივი და მოქნილი ენა, როგორიც ნამდვილად გახდება ქართული, თუ ცოტა ხნით გამოვრთავთ ტელევიზორებს, დავწვავთ ძველ თარგმანებს და სამეცნიერო ლიტერატურასაც გადავწერთ.
და რა გზით უნდა წავიდეს ენა? სასაუბრო ენასთან დაახლოების გზით (ჩემი იდეა არაა, ილიაც ასე ამბობდა).
ძირითადი ცვლილებები ენაში სასაუბრო მეტყველებიდან იწყება, მერე კი ლიტერატურაშიც მკვიდრდება. აი, ახლა დავუბრუნდეთ საკითხს: რატომ არის ფორმები ,,კაი”, ,,ძაან” შეცდომა? იმიტომ, რომ ორთოგრაფიულ ლექსიკონში წერია ასე?
მე ეს კატასტროფად არ მეჩვენება. თუ შეამჩნიეთ, ყველაზე გავრცელებული სიტყვები ყველაზე მეტად ,,დამახინჯდა”.ამის მიზეზი ისაა, რომ ასე უფრო მოსახერხებელია. ენა ვითარდება და ამაში საგანგაშო არაფერია. ენა კი არ უნდა დავუქვემდებაროთ ორთოგრაფიულ ლექსიკონს, არამედ, პირიქით. სულ მალე ლექსიკონებში პარალელურ ფორმებად შეიტანენ ამ სიტყვებს, მერე კი შეიძლება საერთოდაც გამოაძევოს ძველი ფორმები ხმარებიდან. მერე რა მოხდა, თუ გვინდა, რომ ენა არ დაკონსერვდეს, ამას უნდა შევეგუოთ და ,,როტაციებზე” ფიქრს შევეშვათ. სხვა საქმეა, როცა ენის განვითარება არასწორი მიმართულებით ჟურნალისტებს მიჰყავთ (ამაზე მეც ნერვები მეშლება), მაგრამ ფონეტიკური ცვლილებები ამასთან რა მოსატანია : ) უამრავი სიტყვა, რომელსაც ახლა ვხმარობთ, სწორედ ფონეტიკური ცვლილებებითაა მიღებული. მაგალითად, იყო ფორმა წყარო-თ-გან, მერე_ წყარო-დ-გან, და აქედან მივიღეთ წყაროდან : ) დაშავდა რამე? ან, მაგალითად, ავიღოთ სიტყვა ,,მგონი”, მიღებულია ,,მგონია-სგან”, ჩამოსცილდა ,,ა” და მისი ხმარება უფრო მოსახერხებელი გახდა. ,,მე ვთქვი” ,,მეთქი-დ” გადაიქცა და ასე შემდეგ. რატომ არ შეიძლება, ვშვრები -დან ,,რ” ამოვარდეს, თუ მაინც ყველა ასე ამბობს და ასე უფრო ადვილია. ,,შემო, გამო, წამო” ფორმები კი უკვე სალიტერატურო ქართული კუთვნილებაა და მათზე კამათიც არ ღირს. ჩვენ უნდა გავილაშქროთ არა ენის გამარტივების, არამედ გართულების, ხელოვნური სინტაქსის, ყურით მოთრეული ნეოლოგიზმების, მნიშვნელობისგან დაცლილი სიტყვებისა და სხვა ლექსიკური ნაგვის წინააღმდეგ. დიახ, მე არ მომწონს ჟურნალისტების ქართული, მაგრამ არაფერს ვერჩი სიტყვა ,,კაის” , თუ მაინცდამაინც სამეცნიერო ლიტერატურაში არ წერია. : ) სიტყვების შემოკლება-გამარტივება სავსებით ბუნებრივი პროცესია.
და თუ ვითხოვთ აბსოლუტურ წესრიგს ენაში, მაშინ მივხედოთ ყველაფერს ერთად და არა სიტყვებს ამორჩევით. ვიზრუნოთ პუნქტუაციის ზედმიწევნით დაცვაზე, ზმნების მართლწერაზე და ასე შემდეგ.
ოღონდ ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ წესები, რომლითაც ახლა ვხელმძღვანელობთ, ადამიანების დაწერილია და ხშირ შემთხვევაში, მათი ზედმიწევნით დაცვა არც ღირს. მე, მაგალითად, კარგად ვიცი, რომ სიტყვა ,,ალბათ” წინადადებაში ორივე მხრიდან მძიმით უნდა გამოიყოს, მაგრამ ყოველთვის არ ვშვრ(!)ები ამას. ხანდახან მეზედმეტება და იმიტომ. ასე რომ, ენის მიმართ სადამსჯელო ოპერაციებს ვერ გაატარებ, ვერც როტაციას მოახდენ. მადლობა ღმერთს : )
კიდევ ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ესეც საკმარისია. მოდი, ამ პოსტს გაგარინის სიტყვებით დავამთავრებ. ჯიგრულად დაჭერილი მეტაფორაა და იმიტომ.
შენიშვნა: ერეკლე დეისაძეზე წერს:

,,ერეკლეს ენა ყარს. ყარს ისე, როგორც დამჟავებული, დაობებული პროდუქტები როცა ასი წლის გაუხსნელ, სავსე მაცივარს გამოაღებ. და მე ისღა დამრჩენია, დითირამბები მივუძღვნა ამ ყროლს, რადგან მაცივარი თუ არ განიავდა და ობისგან არ გათავისუფლდა, სულ უფრო და უფრო წაბილწავს გარემოს.”
პ.ს.

WANTED: როტაცია

19 thoughts on “ენის როტაცია (?) = გამოხმაურება doin.ge-ს პოსტზე

  1. ორი თვის შემდეგ ქალაქის მერმა, მოქალაქეების თხოვნით, მოედანზე პატარა, აივნიანი სახლი ააშენა. -sworia masw? 😀

      1. ორი თვის შემდეგ ქალაქის მერმა, მოქალაქეების თხოვნით, მოედანზე პატარა აივნიანი სახლი ააშენა. -arc es? 😀

  2. lex tempus

    1. ამ წინადადებაში საერთოდ არაა საჭირო მძიმე:):):)
    2. მესმის შენი პოზიცია, მაგრამ პირადად მე გამარტივებასა და დამახინჯებას შორის ზღვრის გავლების მომხრე ვარ… ილიამ რომ “იოტა” და “ხ”–ს მსგავსი “რაღაც” ამოიღო ხმარებიდან, დაასაბუთა კიდეც, რომ “იოტა” არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი “ი”–სგან… არა მგონია, ვინმეს მსგავსი არგუმენტი ჰქონდეს “შვები”–ს შემთხვევაშიც…
    3.მჩხაპნელი (როგორც მე გავიგე მისი პოსტებიდან) ტელევიზიასა და პრესაში სადაქალოს ლექსიკონის გამოყენების წინააღმდეგია და ძირითადი იდეაც ესაა ხოლმე;
    4.მჩხაპნელი RULES!:):):)

    1. 1. რა თქმა უნდა. ყოჩაღ : )
      2. მე ვამბობ, ვისაუბროთ ისე, როგორც უფრო მოსახერხებელია.. და თუ მაინცდამაინც სამეცნიერო რაღაცას არ ვწერთ, ვწეროთ ისე, როგორც ვსაუბრობთ.
      ანუ; სკაიპში რომ მეგობარმა მომწეროს, რას შვებიო, ნამდვილად არ შევუსწორებ და არც გავღიზიანდები.
      3. ტელევიზიასა და პრესაში უფრო დიდი პრობლემებიცაა ვიდრე სიტყვა ,,ძაან” არის. ბოლოსდაბოლოს, ეს ჩვენი, ქართული სიტყვის ქართული სახეცვლილებაა. გაცილებით დიდი პრობლემა უცხო ენის სინტაქსის შემოტანაა. და იმ პოსტში არ ეწერა არსად, რომ სასაუბრო მეტყველებაში დასაშვებად მიიცნევს ამ სიტყვებს და პრესაში_ არა. ერთიანად იყო გაკრიტიკებული.
      4. ამაში არ შეგეწინააღმდეგები. კარგად წერს : )
      გმადლობ, რომ კომენტარის გაკეთება არ დაიზარე და კიდევ გმადლობ, რომ პუნქტუაცია იცი : )

  3. ბ.ს.

    ძალიან კარგია. უნდა შეგაქო, როგორც ყოველთვის. სრულად გეთანხმები. განსაკუთრებული უაზრობა პუნქტუაციაში არის ერთსიტყვიანი ჩართულების გამოყოფა ორი მძიმით. იმ ცვლილებებს, რაზეც შენ წერ, არა მგონია, ძალიან დიდი დრო დასჭირდეს.

  4. moshe

    მე ამ საქმეებში ძლიერი ნამდვილად არ ვარ ანინამ იცის ეს. მოკლედ თუ გინდა რომ ერი პროგრესირებდეს და პროგრესირებდეს დადებითად და ნორმალურად აუციებელია ყველაფერი მაღალპროფესიონალურად განხორციელდეს. დროთა განმავლობაში ენაც უნდა ადაფტირდეს ერის მოთხოვნის მიხედვით და კიდევ ბევრი რამ( მათ შორის რელიგიაც და შეხედულებებიც). თუ რათქმაუნდა ფუნდამენტალიზმს არ ვაწვებით და “ქალი მე კუხნაში ვიცი მარტო” ეს არ გინვინდა რომ იყოს მუდამ. ახალა დაწერეთ სად დავუშვი შეცდოემბი. 🙂

  5. jaba

    დავიწყებ სუბიექტური შეფასებით და ვიტყვი, რომ ეს სტატია ყველაზე მეტად მომეწონა, ბრავო 😉
    ახლა რაც შეეხება პრობლემას:
    არ დაგვავიწყდეს, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია და თუ მასში არანაირი ცვლილება არ ხდება, არც კარგი და არც ცუდი, გამოდის რომ ის ლეშია.
    რაც დაემართა ჩვენს ენას, ეს ყველაფერი ჯდება ლოგიკის ჩარჩოებში. მე მგონი არავინ იტყვის გაკვირვებით, თუ რატომ არის ამდენი კალკი და რუსული ბარბარიზმი დღეს, ქართულში, ასე რომ გასაოცარს აქ ვერც ვერაფერს ვხედავ და კარგია, რომ სტატიაში ამგვარი რამ არ შემხვედრია.
    რაც შეეხება ქართული ენის მომავალს, რამდენიმე ეტაპია აქ აუცილებლად გადასალახი:
    1) აღმოიფხვრას ყველანაირი რუსული ზეგავლენა ენიდან.
    2) მიიღოს ის ფორმა, რა ფორმაც უფრო მოსახერხებელია ხალხისთვის (და ეს “მოსახერხებელი” კარგი იქნება თუ ცუდი, ამას ჩვენი შემდგომი თაობები გადაწყვეტენ)
    3) წამოვიდეს მწერლების ის თაობა, რომელიც ამ სფეროს, რაც ენის განვითარებასთან პირდაპირ და მჭიდრო კავშირშია, ჩამოიტანს ოლიმპოს მთიდან. ამის გარეშე არაფერი გამოვა. ნებისმიერი მწერლის ნაწარმოების თავისუფლად კითხვა უნდა შეეძლოს ყველას, ვისაც ქართული წესიერად უსწავლია სკოლაში. ამას მიშველაძეების და ჯანსუღების თაობა არ ითვალისწინებდა და წედნენ და იყვნენ ასე, მოვალეობის მოხდის გამო და დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში, მათი და მათნაირი ენაზე მოძალადე ხალხის ჭაჭანება არ იქნება ქართულ სამწერლო სივრცეში.
    პ.ს. მე ძალიან მაბნევს ბატონი გურამის ენობრივი ექსპერიმენტები და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება, ვცდილობ გავარკვიო, რა სჭირს ამ კაცს. გურამ დოჩანაშვილი გვეკაიფება? (ენასთან დაკავშირებით მისი ბოლო ნაწარმოებების გახსენებაც ლოგიკურია მე მგონი 😉 )

  6. მაინცდამაინც არ მომწონს ის, რომ ადამიანი 90% ჟარგონით მეტყველებდეს. დაე გამოიყენოს, ოღონდ გარკვეული ზომიერებით. ქართული ენა ძალიან მდიდარია სინონიმებით და გული მწყდება, როცა დროთა განმავლობაში სიტყვებს ვკარგავთ.

    არ მიყვარს კალკირებული სიტყვები, ბარბარიზმები. რატომ უნდა იხმარო, დავუშვათ, “კუხნა”, როცა გაქვს სიტყვა “სამზარეულო”? რადგან წარმოთქმით მოკლეა მაგიტომ?

    ისე, თვითონ ილისასაც ჰქობდა კარგი გემრიელი ბარბარიზმები :დ
    შკაფი, სტოლი, სტაქანი და ა.შ.

  7. ეს კომენტარები ფეისბუქიდან გადმომაქვს, რადგან ძალიან საინტერესო მეჩვენება.
    ზაალ ჩხეიძე
    Zaal Chkeidze
    ჩვენ გვინდა, ქართული დავაკონსერვოთ და თაროზე შემოვდოთ. ეს არის იმის მიზეზი, რომ მეოცე საუკუნეში მწერლები ,,საწმერთულებით” გველაპარაკებოდნენ, ეს არის იმის მიზეზი, რომ მეხუთე საუკუნის ტექსტი ადაპტირების გარეშე გვესმის, ეს კიდევ იმის მიზეზიც არის, რომ სლენგი არ გვაქვს. ქართველი როგორ აკადრებს საკუთარ ენას წმინდა სასაუბრო სიტყვების გამოთქმას. ასეთი სიტყვა თუ დასჭირდა, რუსული რისთვის არსებობს?! ამიტომაც ვერასდროს დაიწერებოდა ქართულ ენაზე ,,თამაში ჭვავის ყანაში” და ვერც ითარგმნებოდა. შენიშვნა:ახლა რაც გვაქვს, ის არაა თარგმანი : ) სამაგიეროდ, იწერებოდა პლატონ იოსელიანი, გიორგი ერისთავი და ათასი ჯურის ,,ღვლარჭნილი” ლიტერატურა.

    es cota ar iyos upasuxismgeblo gancxadebaa chvenshi darches da

  8. მე:
    ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ, ზაალ

    ზაალი:
    ქარTულის დაკონსერვების მიზეზი არის არა ის, რომ ვიღაცეები რაღაცეებს ეძებდნენ და საწმერთულებით გველაპარაკებოდნენ. არამედ ის, რომ შემდეგი თაობის მწერლებმა ვერ იპოვეს საკუთარ თავში ძალა ენას, როგორც განძს ისე მოქცეოდნენ.
    რაც შეეხება სალიტერატურო და სალაპარაკო ენას, ეგ რთული საკითხია. თუ ვინმეს ჰგონია, ფოლკნერის, ფიცჯერალდის, ფაულზის თუნდაც აპდაიკის , მოემის, სტოუნის და სხვა უამრავი ნამდვილი ოსტატის პროზა რამეთი ჰგავს ჩვეულებრივ სალაპარაკო ინგლისურს მგონი, შემცდარა.
    რაც შეეხება ყანაში თამაშს, მაინც რას უწუნებენ, საინტერესოა განსაკუთრებით, ძველს. რაც შეეხება ძველ ქართულს, გარწმუნებ, უამრავი რამე არ გვესმის. ,,ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი” წაგიკითხავს განმარტებების გარეშე? ან უბრალო მარტივი საისტორიო წყაროები?
    და თუ ყანაში თამაში არ დაწერილა, მხოლოდ იმიტომ, რომ სელინჯერი არ დაბადებულა ჩვენში.

  9. მე:
    რაღაცებში გეთანხმები, ზაალ , მაგრამ: მე კი არ ვამბობ, რომ დაკონსერვება გამოიწვია იმ ზემოთხსენებულმა ენამ (საწმერთულებისა და ა.შ), არამედ პირიქით, ასეთი სიტყვები ხდება ხოლმე ენის დაკონსერვების მიზეზი. წინ არავინ მიდის. ძნელი სათქმელია, რატომ არაა განვითარებული ჩვენში სლენგი_ იმიტომ, რომ მას ლიტერატურაში ,,ლეგალიზება” არ გაუვლია, თუ პირიქით, … იმიტომ არ გაუვლია ,,ლეგალიზება”, რომ განვითარებული არაა. სელინჯერს რაც შეეხება, მასავით ნიჭიერი რომც გვყავდეს ვინმე და მოინდომოს დაწეროს ქართული ,,თამაში ჭვავის ყანაში” (ვიცი, შემეკამათები, რომ სხვა არ დაიწერება , მაგრამ მაინც) ანუ მოინდომოს დაწეროს რამე ახალგაზრდული ენით, შეძლებს? მემგონი, რომ ახალი ენის გამოგონება მოუხდება, როგორც ბერჯესს. იმ განსხვავებით, რომ ბერჯესისთვის ეს არჩევანი იყო, ქართველისთვის კი აუცილებლობა იქნება : )

  10. ზაალ ჩხეიძე
    იცი, ბერჯესის ენა მაინც ბერჯესის ენად დარჩაა, მგონი. დაკონსერვების მიზეზში ისევ არ გეთანხმები, მე სხვაგან მგონია პრობლემის სათავე საძიებელი. თანამედროვე ქართული პროზა გაურბის რეალობას, გაურბის არა იმიტომ, რომ იგი არ არსებობს ან რომელიმე სხვა ეპოქაზე ნაკლებ მძაფრია, არა ეს ჩვევაში აქვს გადასული და იმიტომ.
    არჩილ ჯორჯაძე თავის დროზე ამას საზოგადოებას აბრალებდა და იქნებ მართალიც იყო, მაგრამ მწერლების ოსტატობა სწორედაც იმაში გამოვლინდება, გამოიგონოს.
    ბოლოს რა წაიკითხე ისეთი, რაზეც თვალი დაგრჩა? მე არაფერი ქართული

  11. Nino Lomidze
    ქ ჩამოთვლილი მიზეზები იმასაც ხსნის, რატომ ვერ იგუა ქართული თარგმანი უცხოურმა ფილმებმა.
    დიალოგები იმდენად ხელოვნური და არააქმვეყნიურია, რომ ქართულად ნაათარგმნი ფილმის ფასი კაპიკია.
    მიზეზი – რატომღაც ცდილობენ ორიგინალის გაკეთილშობილებას,
    კიდევ უფრო სამწუხარო რაცაა – უბრალოდ არ მოიძებნება შესატყვისები.
    საერთოდ რომ ვუკვირდები, ქართული ენა ძალიან თავისებური და უცნაურია.
    ასე მაგალითად ეს ყბადაღებული წვიმა 9 თუ მეტი აღმნიშვნელით აღინიშნება და სექსუალური აქტის ამსახველი ერთი,მაქსიმუმ ორი სიტყვა გვაქვს მხოლოდ.
    სხარტად და მარტივადაც რთულია აზრის გამოთქმა.
    იმას დაკვირვებიხართ, უცხოენოვან ტელეარხებს თუ უყურებთ, როგორ გაბმულად და პარაზიტი ჩანართების გარეშე მეტყველებენ ბავშვები,
    გადმოსცემენ სათქმელს ასაკის შესაბამისი ლექსიკით, მაგრამ სავსებით გასაგებად.
    ჩვენს შემთხვევაში ყველას ურჩევნია შემოიფარგლოს რავი –თი და თვალებაციმციმებული ღიმილით.
    ისე ჩანს, თითქოს ქართულად წერილობით გაცილებით ადვილია სათქმელის გადმოცემა, ვიდრე ზეპირად.
    Aმის პირველი და ნათელი დადასტურება თავად ვარ.
    ჩემს გარდა – უამრავი განათლებული და ნაკითხი ადამიანი, ვინც საუბარში, მარტივად რომ ვთქვა, ჭედავს.
    პუნქტუაციას რაც შეეხება, მიჭირს წესების დაცვა.
    ვონეგუტს დავიმოწმებ –ნუ გამოიყენებთ პუნტქტუაციას, ეგ ჰერმაფროდიტი წარმონაქმნები მხოლოდ იმის დასტურია, რომ ოდესღაც კოლეჯში გისწავლიათო. კიდევ ერთ იტალიელ ინტელექტუალს, ბენედიტო კროჩეს – რომელიც ამტკიცებდა, მთელი ლიტ.თეორია სანაგვეზეა მოსასროლილი.
    წესებით და დადგენილი ნორმებით ხელმძღვანელობა კანონმდებლებს, ლიტერატორებს და ხელოვანებს კი სრული თავისუფლებაო.

  12. Nino Tepnadze
    ყოჩაღ, ნინ. ეგ საკითხი სულ ამომივარდა თავიდან, არადა პოსტის წერისას გამახსენდა. დავწერ, გინების ნაცვლად ჩვენტან ქართულად ,,დალახვროს ეშმაკმა”-ს რომ ამბობენ-მეთქი ფილმებში : ) მართალია, მე რაც დავწერე, ის მხოლოდ ერთი პოსტია ბლოგზე, არც არაფრის შეცვლაზე აქვს პრეტენზია (ან როგორ უნდა ჰქონდეს) და არც რაიმე სერიოზულია, მაგრამ არ მეგონა, ვინმე თუ ამყვებოდა პრობლემის განხილვაში : )

  13. davidmedia

    აქაც გიგი უგულავას უკეთებენ რეკლამას :))))) კიდევ კარგი ქალაქი დაკონკრეტებული არ არის)))

  14. რამდენმა ადამიანმა წიკითხა ეს პოსტი? სტატისტიკა გაქვს? მათგან ზუსტად 90% დაიწყებს “ალბათ”-ის ორივე მხრიდან მძიმეებით გამოყოფას… შეცდომით:)))).

    რაც შეეხება თემას, რამდენიმე პრობლემას ვხედავ, რომელიც ქართველებს ალბათ ათადან და ბაბადან გვახასიათებს (შემიძლია ვთქვა, რომ მე ასეთი ვარ… და თითქმის ყველა, ვისაც ვიცნობ (დროა ნაცნობების წრე შევიცვალო – უსუნო ყვავილი ხომ გახსოვთ?)):
    1. გვეზარება სწავლა და ჯოხი გვჭირდება. იქნებ თქვენ გინახავთ საქართველოში პოპულარული ინგლისური ენის თვითმასწავლებელი, მე – არა;
    2. გვეზარება მუშაობა, თუნდაც სარჩო-საბადებელს ვკარგავდეთ. გაიხსენეთ სიტყვა, რომელსაც ქართულში შესატყვისი არა აქვს – დედლაინი;
    3. უმეტესწილად დამოკიდებულებები გვაქვს ისეთი, როგორიც ყოველგვარ პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ეს სწორედ იმის ბრალი მგონია, რომ სწავლა და მუშაობა გვეზარება;
    4. ქართული ენა მართლაც რთულია. მგონი თეიმურაზ I იძახდა, მძიმე ენა გვაქვს, არაპოეტურიო; აკაკი კი საკუთარ თავს აბრალებდა – მე ვარ დამნაშავე, გამოუჩორკნავი ლექსები რომ მაქვსო.

    კიდევ იქნება რაღაც(ა?)ე(ე?)ბი.

    გადაჭრის გზები:
    1. არ ვიცი (თუმცა კი მიწერია, ჯოხი-თქო – დავესესხე ერთ ჩვენს ძველ განათლების სპეციალისტს);
    2. არ ვიცი;
    3. არ ვიცი;
    4. სწავლა, მუშაობა, თამამი დამოკიდებულება.

    პ.ს. მაინტერესებს პუნქტუაციური, სტილისტური და ა.შ. შეცდომები თუ დავუშვი ჩემს კომენტარში დღევანდელი ნორმების მიხედვით, მათ შორის, პ.ს.-შიც, იმიტომ, რომ ვაპირებ მწერალი გავხდე. ვგულისხმობ, რომ ეს ჩემი პროფესია იქნება.

  15. BISEY

    მართალია. ენა სულ მარტივდება და პრაქტიკულად შეუძლებელია ამის გაჩერება.
    ყოველ შემთხვევაში აქამდე არ გაუჩერებიათ ჩემი აზრით.

  16. ilyaverse

    ორი თვის შემდეგ ქალაქის მერმა მოქალაქეების თხოვნით მოედანზე პატარა აივნიანი სახლი ააშენა. <<< უკაცრავად, მაგრამ… ჩართულს ვერსად ხედავთ ? : ) (,მოქალაქეების თხოვნით,)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s