დროის ხარჯვა

naxati1

ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ ძალიან, ძალიან ბევრი დრო გაქვთ? არსებობს დღეები, როცა თავისით გეღვიძება ადრე, ჯდები ტელევიზორთან, ყავას სვამ და ფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. იმიტომ, რომ ჯერაც ძალიან ადრეა, შენ კიდევ უკვე ფეხზე ხარ. შეგიძლია დაიწყო რომელიმე უცხო ენის შესწავლა, შეგიძლია მისწერო ფეისბუქის ფრენდ ბიჭს რამე რომანტიკული (რომ გაიღვიძებ, დამირეკე და ვი**ნაუროთ), შეგიძლია შეურიგდე მეგობარს, რომელსაც წლების წინ ეჩხუბე, შეგიძლია აკეთო პრესები, სანამ თავბრუ არ დაგეხვევა, შეგიძლია შეცვალო სახლის დიზაინი, ან თუ საკუთარ ბნელ მხარეს მოუსმენ, შეგიძლია ყველა დახოცო, ვინც არ მოგწონს.
როგორ გრძელდება დღე, რომელიც ასე დიადი აზრებით იწყება? დაახლოებით 12 საათისთვის ხვდები, რომ ,,ფორა”, რომელიც სამყარომ მოგცა დილით ადრე გაღვიძების გამო, ტყუილად გაფლანგე, ნამდვილი ლუზერი ხარ და იმ ბიჭსაც ვერასდროს ვერაფერს მისწერ, გამარჯობასაც კი.

არსებობს კიდევ მეორე შემთხვევა: უცებ ხვდები, რომ მოკვდავი ხარ. არ ვხუმრობ, თუ თქვენ ეს ნამდვილად გაცნობიერებული გაქვთ, გემახსოვრებათ, რომ ეს სწორედ ,,უცებ” მოხდა. მერე რა, რომ მშობლები მუდმივად გვასწავლიან, რომ ყველანი მოკვდავები ვართ, დაახლოებით ასე: თუ შტეფსელში ჩანგალს შეარჭო, მალე მოკვდები და თუ კარგი გოგო/ბიჭი იქნები, უფრო გვიან. მერე რა, რომ გამუდმებით უყურებ, როგორ ეხოცებათ შენ გარშემო ადამიანებს ბებიები და ბაბუები, მერე დედები და მამები, მერე კი თვითონ კვდებიან… სადღაც ყოველთვის გჯერა, რომ შენ არ მოკვდები, სანამ უცებ არ გააცნობიერებ, რომ აუცილებლად მოკვდები. ეს არაა სამწუხარო ან სასიხარულო, ეს უბრალოდ გარდაუვალია. იწყებ იმაზე ფიქრს, რაც გინდა რომ გააკეთო, სანამ ცოცხალი ხარ. მერე გახსენდება, რომ არსებობს ასეთი პროექტი: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ მოკვდები. და ფიქრობ, რომ 50 წიგნი სასაცილო რაოდენობაა, ძალიან სასაცილო. თუ ადამიანი 75 წელს ცხოვრობს და კითხვას 6 წლის ასაკში იწყებს, 50 წიგნი  თითქმის დაცინვაა ტვინის შესაძლებლობებისთვის. მერე ფიქრობ, რომ წიგნების წაკითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს ამქვეყნად, მაგალითად ბავშვის გაჩენა.

naxati2

კარგი იქნებოდა ბავშვის გაჩენა, სანამ ცოცხალი ხარ, და არა მხოლოდ გაჩენა, არამედ შეძლებისდაგვარად გაზრდაც. კიდევ კარგი იქნებოდა მოგზაურობა, ოღონდ ეს ბავშვის გაჩენამდე. ამისთვის ფულია საჭირო და შესაბამისად, მეტ-ნაკლებად კარგი სამსახური. კარგი იქნებოდა ისეთი სამსახურიც, რომელიც გაგრძნობინებდა, რომ რაიმე ღირებულს აკეთებ, მაგალითად ექიმობა. მაგრამ ექიმი რომ გახდე, ამისთვის ბევრი წელი უნდა ისწავლო, შენ კიდევ ამდენი დრო ნამდვილად არ გაქვს. კარგი იქნებოდა, რომ სიკვდილამდე გამოგივიდეს  და იყიდო საკუთარი სახლი. ჩვენს მშობლებს ხომ ამის შანსი ბევრად ადრე მიეცათ, ვიდრე ჩვენ გვეძლევა. მამაჩემი ლაგოდეხის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოვიდა თბილისში და სუპერ-ბუპერ სამსახური არ დასჭირვებია იმისთვის, რომ 32 წლის ასაკში თბილისის ცენტრში ჰქონოდა ბინა. მე კიდევ შეიძლება არც არაფერი გამომივიდეს. არსებობს ბევრი წიგნი, რომელსაც სიკვდილამდე ვერ წავიკითხავ, ბევრი ქვეყანა, რომელსაც სიკვდილამდე ვერ ვნახავ და ბევრი რამ, რასაც სიკვდილამდე ვერ შევქმნი. შეიძლება, სიკვდილის წინ ისიც კი ვინანო, რომ საკუთარ თავში ასე მეპარებოდა ეჭვი.
ახლა თქვენ მითხარით, რატომ ხდება რომ ეს ორი შეგრძნება: შეგრძნება იმისა, რომ ბევრი რამ გაქვს წინ და შეგრძნება იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო გაქვს დარჩენილი, ერთმანეთს ასეთი საოცარი სიხშირით ენაცვლება. ან რატომ არ არსებობს რაიმე სია, რომელსაც თუ ზედმიწევნით მიჰყვები, სიკვდილის წინ კმაყოფილი იქნები საკუთარი ცხოვრებით. რა თქმა უნდა, იმ წიგნების სიის გარდა, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.

ნამდვილად არ მეგონა, რომ პოსტი, რომელსაც ამდენი ხნის პაუზის მერე დავწერდი, ამ თემაზე იქნებოდა. მით უმეტეს, რომ სხვაც ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამაზე სხვა პოსტებში ვისაუბროთ: დილით, ყავისა და ტელევიზორის თანხლებით დაწერილ პოსტებში.

14 thoughts on “დროის ხარჯვა

  1. ყველას თავისი მიზანი, ოცნება აქვს. მე მინდა შენნაირი ადამიანები მყავდეს გვერდით, ვინც აზროვნებს, გრძნობს, მოქმედებს, ეგეთი გერლფრენდი. სამედიცინოზე ვსწავლობ და რომ არ მეფიქრა ბევრი ჩემს პროფესიაზე და უბრალოდ ჩემს სფეროში მოღვაწე ხალხისთვის მეყურებინა, არაფრით არ დავთმობდი ექიმობის არჩევით პირადი ცხოვრების ამხელა ნაწილს. ამ დროს გინდა ერთი, მაგრამ გინდა მეორეც. აკეთებ არჩევანს. ყველაფერი შენშია, არჩევანიც, დროც, რომელიც გინდა უსასრულო იყოს, შეცდომა, რომელიც გინდა არ დაუშვა, მაგრამ ყველაფერი მიდის, ხდება, მათ შორის უარყოფითიც. მთავარია სწრაფვა შენს ირგვლივ ყველაფრის შეცნობისკენ (მათ შორის საკუთარი თავის), ჰარმონიისკენ, მართალია აბსოლუტს ვერ მიაღწევ, თუმცა სიამოვნებას, სიმშვიდეს უფრო დიდი დოზით მიიღებ. ჩემთვის ის აზრი, რომ დროში შეზღუდული ვარ და მუდმივი ცხოვრება (ამქვეყნიერი თუ იმქვეყნიერი) არ არსებობს, უფრო მისაღებია და სასიამოვნო 🙂
    რაც შეეხება სტატიას, ძალიან მომეწონა 😉

  2. ჩემი აზრით დრო არც თუ ისე ცოტაა როგორც გგონია, სრულიად საკმარისია ყველასთვის ყველანაირი მიზნის მისაღწევად (მარსზე კოლონიის გახსნაც კი). მე არც იმაზე ვფიქრობ რამდენი დრო დამრჩა და არც იმაზე ცოტა თუ ბევრი. მე ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება მქონდეს ჩემს შეყვარებულთან ერთად.

  3. გადაფასების ზღვარზე ყოფნაა, მარტივად ამოსაცნობია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეც ამავე ზღვარზე ვარ 🙂

    თუმცა ყველაზე ღიმილმომგვრელი მაინც ამ პოსტზე იმ ბიჭების კომენტარებია, რომელსაც უნდათ ეს ნაწილი – “შეგიძლია მისწერო ფეისბუქის ფრენდ ბიჭს რამე რომანტიკული (რომ გაიღვიძებ, დამირეკე და ვი**ნაუროთ)” – მათ ეხებოდეთ 🙂

    1. ეგრე რომ ურეკავდნენ ქართველი გოგოები ბიჭებს, საქართველოში აგრესიის დონე ბევრჯერ შემციდრებოდა 😀

  4. და ვინმემ რომ მოგცეს დაგეგმილი სია, თუ რა უნდა გააკეთო და გითხრას ბედნიერი იქნები სიკვდილის წინო, დაუჯერებ? მიჰყვები მის გეგმას? ბედნიერების ინსტრუქციის ძებნაზე ფიქრიც კი ყლეობაა იმ გაგებით, რომ მაფიქრალს ვნებს.

  5. mamex

    ravi chemi azirt, me tu realurad mainteresebs is zogadi gagebit “uazro” saqmianoba rasac vaketeb, es ukve metyvelebs imaze, rom me dros uazrod ar vxarjav. ubralod sakutar interesebshi unda rogorc prioritetul, aseve umnishvnelo interesebshic unda edzebo sakutari tavi da nelnela im erti shexedvit umnishvnelo ineteresidan sheidzleba dzalian mnishvnelovani rame chamoyalibdes piradad shentvis. ase rom ertaderti rac shemilia girchiot ubralod meti pativi ecit sakutar interesebs da nu ayvebit zogad normebs imastan mimartebashi tu raaris uazrod drois xarjva da ra ara )))

  6. ესენი უბრალოდ ადამიანური შეგრძნებები და შეიძლება ითქვას, ადამიანის პასუხისმგებლობის ფაქტორი სამყაროსადმი 🙂

დატოვე კომენტარი