გოგონები

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, ბიჭები მაინტერესებდეს, მე გოგონებზე დაკვირვება ყოველთვის უფრო მეტად მომწონდა. იმიტომ, რომ გოგონები საყვარლები არიან.
გოგონები საყვარლები არიან მაშინ, როცა ცდილობენ, ნაძირლები არ შეუყვარდეთ და არაფერი გამოსდით.
გოგონები მაშინაც საყვარლები არიან, როცა ცდილობენ, იმ ნაძირლებს არაფერი უთხრან, არასდროს მისწერონ და იშვიათად გაუღიმონ
მერე უცებ გადაწყვეტენ ხოლმე, რომ მიწერა შეიძლება, მაგრამ ძალიან ცივები უნდა იყვნენ მიწერის დროს.
ძველი მეგობრის ბლოგი
რაც უფრო მეტ დროს უთმობ სხეულს, მით ნაკლებ დროს უთმობ სულს და პირიქით. მთელი ხელოვნებაც იმაშია, რომ როცა ვარჯიშობ, შტერი არ გახდე და როცა ბევრს კითხულობ, არ გასუქდე.
ჯერჯერობით მხოლოდ ის გამომდის, რომ საღამოობით, როცა ვწევარ და თითებით ნეკნებს ვითვლი, გავიხსენო ძველი და სასიამოვნო ამბები. აი, იმ დროინდელი, როცა გაყინულ ქალაქში ვბოდიალობდი, ბევრს ვსვამდი და ღმერთს ვეჩხუბებოდი ხოლმე სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე. ჩხუბი მინდოდა, თორემ ახლა რომ ვუკვირდები, ძალიან ადვილად შევთანხმდებოდით, რო რამე.
მაშინ, რა თქმა უნდა, მეგობრებიც მყავდა. ჩემნაირები. არაფხიზლები. მეტ-ნაკლებად განათლებულები და უფულოები. მოგვწონდა ერთად დალევა. ერთნაირი ჭიქებით ვსვამდით, ერთსა და იმავე დროს გვტკივდებოდა თავები და ერთნაირად ვითიშებოდით. მეორე დღეს კი ჩვენ-ჩვენს პახმელიებზე ვიყავით, რომლებიც საერთო მოგონებებით იყო სავსე.
2012: პირველი პოსტი
2012 წელი დადგა. მე კიდევ ვზივარ და 2011 წლის პოსტებს ვკითხულობ. წელს აშკარად უფრო ცოტას ვწერდი, ვიდრე შარშან და ამიტომაც კომენტარებში ჭარბობს თხოვნები: ანინა, მეტი წერე. ანინა, როდის იქნება ახალი პოსტი? ძალიან მრცხვენია, რომ ასე ცოტა პოსტი დამიგროვდა ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.
ბლოგინგის საიდუმლო წესი:
თუ ბლოგერი ძალიან ცოტას წერს, ესე იგი, მას ყველაფერი ან ძალიან კარგად აქვს, ან ძალიან ცუდად.
ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ცუდად იყო, თუმცა ბლოგზე ამის დაწერას ვერიდებოდი, რადგან არ მინდოდა, ბევრი მეწუწუნა.
დედამიწის უკანასკნელი ზამთარი
ეს არის საკონკურსო ნამუშევარი imho.ge-სთვის
პოსტი ეძღვნება დედამიწის უკანასკნელ ზამთარს, როცა არ უნდა დადგეს იგი
რატომღაც მგონია, რომ დედამიწა უახლოეს ერთ წელიწადში არ განადგურდება, თუმცა, თუ მაინც დაიწყო განადგურება, ალბათ, არც არავინ ააშენებს კოსმოსურ ხომალდებს კოსმოსში გასაქცევად. უფრო სავარაუდოა, რომ ყველანი წრეზე ვირბენთ და ვიყვირებთ მანამდე, სანამ გვექნება სარბენი წრე. მერე კონტინენტები გაიყოფა, ცათამბჯენები დაინგრევა, ვულკანები ამოიფრქვევა.. ძალიან რთული გახდება, რომ გული არ გვერეოდეს. რა სამწუხაროა, რომ გოგოები, რომლებმაც სიწმინდე ქმრებისთვის შემოინახეს, ქალიშვილებად მოკვდებიან. არც ისაა მაინცდამაინც სასიამოვნო, რომ ჩვენი მშენებარე ბინები მანამდე დაინგრევა, სანამ აშენდება.
(აქვე გადახვევა: ეიჩარის კითხვა გასაუბრებაზე ( 2002 წელი ):
_ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ?
_ მკვდარი)
მუშაობა საკუთარ თავზე
ერთ დროს მეგონა, რომ კარგად ვმღეროდი, მერე ვოკალის პედაგოგთან მივედი და ყველა ილუზია დამემსხვრა. თურმე სხვებზე უკეთესად რომ მღერი, ბევრს არაფერს ნიშნავს. ვოკალის პედაგოგს შეუძლია, წამში გაგრძნობინოს, რომ დეტონაციები გაქვს, მაღალ ბგერებზე იძაბები, დაბალი ბგერები გეკარგება, მოკლედ, არარაობა ხარ. ვოკალის პედაგოგის მთავარი მისია, სანამ მეცადინეობას დაიწყებდეთ ისაა, რომ ღრუბლებიდან მიწაზე ჩამოგსვას.
სულ ცოტა ხნის წინ ისიც მეგონა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას ბევრი პრობლემა არ მაქვს. ახალი ნაცნობების სახელებს ადვილად ვიმახსოვრებ, ხშირად ვუღიმი გამვლელებს, საწინააღმდეგო სქესთან საუბრისას არ ვიძაბები, ჩემი სქესის ადამიანებთანაც არ ვღელავ დიდად. თუ ვინმე მომწონს, ამის გამოხატვა არ მიჭირს, თუ ვინმე არ მომწონს, ადვილად ვიშორებ თავიდან.. სხვა რა არის საჭირო? ჰო. ბევრი მეგობარი მყავს და იუმორის გრძნობაც მაქვს.
ჩანაწერები
** რაც რეგულარულად დავიწყე ვარჯიში, მივხვდი, რატომ არიან სპორტსმენები შტერები. ვარჯიშის დროს ფიქრი თითქმის შეუძლებელია. მხოლოდ ითვლი და მოძრაობ, ან უბრალოდ მოძრაობ. ვარჯიშის დროს ვერაფრით დაფიქრდები იმაზე, რომ სამყარო უზარმაზარია და შენ _ ძალიან პატარა.
ამიტომაც ვარჯიშის დროს ყველა თვითკმაყოფილია. ოფლიანი და თვითკმაყოფილი.
გოგონა დრაკონის ტატუთი
ეს არის საკონკურსო პოსტი
დეტექტივები დიდად არ მიყვარს. არც სქელი წიგნები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” ერთიცაა და მეორეც, მე მაინც ძალიან მომეწონა.
უცნაურად კარგი წიგნია. ცოტათი ჯადოქრული. მე ჯადოქრულს ისეთ წიგნებს ვეძახი ხოლმე, თავს რომ არ განებებენ, სანამ ბოლომდე არ წაიკითხავ. ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” კი ძნელია, ამ კატეგორიას არ მიაკუთვნო. მის გამო ორი კვირის განმავლობაში ავტობუსში ბილეთის აღება მავიწყდებოდა, ღამე_ დაძინება არ მინდოდა და დილით_ ლექციებზე მაგვიანდებოდა.
უნდა ვაღიარო, რომ ჯადოქრობის საიდუმლო წიგნის სიუჟეტში უფროა, ვიდრე მწერლის ენაში. სტიგ ლარსონი სადად წერს, სავსებით ჩვეულებრივად და მთავარ ფსონს აშკარად ამბავზე დებს.
სიუჟეტი ასეთია:
შემოქმედებითი წერა
დღეს შემოქმედებითი წერის ლექციაზე ლექტორმა არასტანდარტული დავალება მოგვცა. სტუდენტებს დაგვირიგა ,,ჩეკები”, რომლებიც კაფე ,,კალადან” იყო აკრეფილი. ჩვენ მათ მიხედვით რამე უნდა დაგვეწერა (მოთხრობა, ნოველა, ისტორია). ჩემი ჩეკი ასეთი იყო.
კაფე ,,კალა” (წინასწარი ჩეკი)
მაგიდა # 79
თარიღი: 19/10/11
გაიხსნა: 17 : 12
ბოლო შეკვეთა: 17 : 39
დაიბეჭდა: 17 : 57მიმტანი: ლიზი
სალათი:
კიტრი, პომიდორი ნიგვზით 1 x 8.5 = 8.5ცხელი კერძი:
შებოლილი ქათამი სოუსში კეცზე 1 x 15.4 = 15.4კუპატი 1 x 13.8 = 13.8
ღვინო თეთრი (150 გრ)
წინანდალი ,,თელ.ღვ.მარ” 2 x 7.4 = 14.8
ჯამი: 52.5
სულ: 57.75
დავალების შესასრულებლად 30 წუთი გვქონდა.
ეს კი ჩემი ნოველაა : ]
ხუთზე უკვე თავისუფალი ვიყავი. ორშაბათები არ მიყვარს, მაგრამ იმ ორშაბათებს, რომლებზეც ჩემი უფროსი ავადმყოფობს, პრინციპში, არა უშავთ. ზაზას დავურეკე. ძალიან მეზარებოდა მისი ნახვა, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი. წინა დღეს დავპირდი, რომ შევხვდებოდი:
Relationship status: single
ამ სათაურით ბევრჯერ დავიწყე პოსტის წერა. ამ ბევრი პოსტიდან ზოგიერთი აღწერდა, რა საოცარ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს მარტო ყოფნა, ზოგიერთი ყვებოდა სიცარიელის გრძნობაზე, რომელიც გრძელვადიანი ურთიერთობის დასრულების მერე ჩნდება და ზოგიერთი სრული ნაგავი იყო.
არც ერთი ეს პოსტი არ გამომიქვეყნებია იმის გამო, რომ შემეშინდა, არ ეფიქრათ, რომ ასე ვეძებ მომავალ პარტნიორს (სავარაუდო კომენტარი: ანინა, ანინა! გავიგეთ, რომ სინგლ ხარ, მაგრამ აი, მაინც ყველას გვკიდია).
არადა, მართლა არავის ვეძებ. რა თქმა უნდა, არც არავის გამოჩენას ვეწინააღმდეგები, მაგრამ ამას პოსტთან საერთო არაფერი აქვს.
უანგარო სიყვარულის შესახებ

როცა საუბარი ჩამოვარდება იმაზე, არსებობს თუ არა უანგარო სიყვარული, ყოველთვის წამოიჭრება ვერსია, რომ შესაძლოა შეყვარებულ ადამიანებს შორის უანგარო სიყვარული არ არსებობდეს, მაგრამ დედაშვილური სიყვარული ნამდვილად უანგაროა. დედებს შვილები გულწრფელად უყვართ. ოღონდ ისინი იყვნენ კარგად და…
თქვენ გჯერათ ამის? ნუთუ დედებიც და მამებიც მართლა არაფერს ელოდებიან ჩვენგან მათი სიყვარულის სანაცვლოდ? ნუ, მაგალითად, თუ მოხუცებულობისას თავშესაფარში ჩააბარებთ, ხმას არ ამოიღებენ, ოღონდ თქვენ იყოთ კარგად? არ იფიქრებენ, რომ თქვენი ვალდებულებაა მათი მიხედვა?































